თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ახალმა ბიომეტრიულმა პასპორტმა და პირადობის ელექტრონულმა მოწმობამ (ID) საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა როგორც თანამედროვე სტანდარტების, მაღალი უსაფრთხოების, გამორჩეული და დახვეწილი დიზაინის საიდენტიფიკაციო დოკუმენტებმა.
უსაფრთხო დოკუმენტების ტექნოლოგიების ყოველწლიური რეგიონული ფორუმი მაროკოს სამეფოს დედაქალაქ რაბათში, ბრიტანული კომპანია Reconnaissance International-ის ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიებაში 50-მდე ქვეყნის 300-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობდა.
ახალი ბიომეტრიული პასპორტი და პირადობის ელექტრონული მოწმობა, რომელთა გაცემა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2025 წელს დაიწყო, წარდგენილი იყო უსაფრთხო დოკუმენტების ტექნოლოგიების რეგიონული ფორუმის „მაღალი უსაფრთხოების ბეჭდვა 2026“ (High Security Printing EMEA 2026) ფარგლებში გამართული კონკურსის ნომინაციაში - „საუკეთესო დოკუმენტების სერია“.
დაჯილდოების ცერემონიაზე ჯილდო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე რუსუდან კოხოძეს გადაეცა.
„ახალი თაობის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების - საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტისა და პირადობის ელექტრონული მოწმობის უსაფრთხოება კიდევ უფრო გაძლიერებულია თანამედროვე დამცავი ნიშნებით, დიზაინი კი ეროვნული თემატიკით არის გაჯერებული", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოში დოკუმენტების მიღება შესაძლებელია ნებისმიერ იუსტიციის სახლში ან შსს-ს მომსახურების სააგენტოში, საცხოვრებელი ადგილისა და რეგისტრაციის მიუხედავად. დამატებით რაიმე დოკუმენტების ან ფოტოს წარდგენა საჭირო არ არის.
ვინც პირადობის მოწმობას პირველად იღებს, წარადგენს დაბადების მოწმობას. დოკუმენტებისთვის ფოტოს გადაღება ხდება ელექტრონულად, ადგილზე.
დოკუმენტები გაიცემა განაცხადის შეტანიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. შესაძლებელია პროცესის დაჩქარება და დოკუმენტის იმავე დღეს მიღება.
საქართველოში პირადობის მოწმობის ღირებულება 60-დან 150 ლარამდეა, დამზადების დროიდან გამომდინარე. რაც შეეხება ბიომეტრიული პასპორტის ღირებულებას, ის 150-დან 350 ლარამდე მერყეობს დამზადების დროიდან გამომდინარე.