ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის, თურქეთისა და ამერიკის მოქალაქეები დააკავეს

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, პოლიციამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტისა და სასაზღვრო გამშვებ-პუნქტ „სარფის" ტერიტორიაზე ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის, თურქეთისა და ამერიკის მოქალაქეები დააკავა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და სამგზავრო ჩანთის ჩხრეკისას სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის: 300 გრამამდე „კოკაინი“, ასევე, „მეთადონისა“ და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი 350 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სსკ-ის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.