თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა (CPT) საქართველოს ციხეებში არასათანადო მოპყრობის შემთხვევები ვერ გამოავლინა, იუწყება საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
CPT-ის დელეგაცია საქართველოში 2024 წლის 18-29 ნოემბერს და 2025 წლის 21-22 იანვარს იმყოფებოდა. ვიზიტის შემდგომი ანგარიში 2026 წლის 18 თებერვალს გამოქვეყნდა.
„ანგარიშის მიხედვით, დელეგაციას არ მიუღია ინფორმაცია ციხის თანამშრომლების მხრიდან პატიმრების მიმართ ფიზიკური ძალადობისა თუ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე. პირიქით, CPT-ის შეფასებით, პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებსა და პატიმრებს შორის დადებითი და მშვიდი ურთიერთობა არსებობს", - ნათქვამია განცხადებაში.
კომიტეტმა დადებითად შეაფასა იუსტიციის სამინისტროსთან, პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობასთან და დაწესებულებების წარმომადგენლებთან თანამშრომლობა. დელეგაციას ჰქონდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შეუფერხებლად შესვლის, დოკუმენტაციის შესწავლის და პატიმრებთან პირადად შეხვედრის შესაძლებლობა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის გამჭვირვალობას.
განსაკუთრებით აღინიშნა დაბა ლაითურში გახსნილ ახალ პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული პირობები. სრულიად ახალი ტიპის, 700 მსჯავრდებულზე გათვლილი პენიტენციური დაწესებულება სრულად არის მორგებული როგორც ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, ისე დაწესებულების თანამშრომელთა საჭიროებებზე. CPT-ის ასევე მიეწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ უახლოეს მომავალში გაიხსნება მცირე ზომის ახალი პენიტენციური დაწესებულება, რომელიც გათვლილი იქნება 150 პატიმარზე.
„დადებითად შეფასდა პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის სისტემაც. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს მიეწოდებათ სადღეღამისო სამედიცინო მომსახურება, ყველა დაწესებულებაში უზრუნველყოფილია პირველად დახმარებაზე სწრაფი ხელმისაწვდომობა", - ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება ანგარიშში დაფიქსირებულ რეკომენდაციებს, CPT-ის მხრიდან ყურადღება გამახვილდა საკნის გარე აქტივობებისა და რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამების რაოდენობის გაზრდის საჭიროებაზე, პატიმრებს შორის ძალადობის პრევენციისა და რეაგირების მექანიზმების გაძლიერებაზე, პენიტენციური სისტემის თანამშრომლების სამუშაო პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე.
როგორც იუსტიციის სამინიშროში განაცხადეს, ანგარიშში დასმულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით ევროპულ კომიტეტს წარედგინა და საჯაროდ ხელმისაწვდომია CPT-ის ანგარიშთან ერთად.
უწყებაში აღნიშნეს, რომ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმების ეფექტიანობისა და პატიმართა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის ყველაზე მკაფიო ინდიკატორი CPT-ს დასკვნასთან ერთად არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, 2012 წლის შემდეგ საქართველოს პენიტენციური სისტემიდან სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილი არცერთი საქმე არ გამოცხადებულა დასაშვებად.