თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოდან უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე გააძევეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
კერძოდ, ქვეყნიდან გაძევებულია თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, ბელორუსის, ეგვიპტის, ერაყის, ნიგერიის, კუბის, სომხეთის, დიდი ბრიტანეთის, ირანის, მოლდოვას, სუდანის, უზბეკეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ჩინეთის - ჯამში 57 მოქალაქე.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევება, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარე საიმიგრაციო კონტროლისა და სხვა სპეციალური ღონისძიებების გზით.
აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინ ვიდეომიმართვაში მიგრაციასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, „საქართველო სრულად გათავისუფლდება არალეგალი მიგრანტებისგან, გასულ წელს იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტი გააძევეს, ვიდრე 10 წელში ჯამურად".
კობახიძის განცხადებით, 2026 წლის 1-ელი მარტიდან საქართველოში დასაქმებულ უცხოელ მოქალაქეებს სპეციალური სამუშაო ნებართვა დასჭირდებათ და გარკვეულ პროფესიებში მათი დასაქმება შეზღუდული იქნება. მისი თქმით, აღნიშნული შეზღუდვები ხელს შეუწყობს ეკონომიკისა და საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვას.
ხვალ ირაკლი კობახიძეს პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში, მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებთან დაკავშირებით მოუსმენენ.
გასულ კვირაში როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ განაცხადა, საქართველოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ბრძოლა უკანონო მიგრაციასთან, რომლის ფარგლებშიც 2026 წელს იგეგმება ქვეყნიდან 3500-დან 4000-მდე არალეგალი მიგრანტის გაძევება.
ბრძოლა არალეგალების წინააღმდეგ
გასული წლის ოქტომბერში საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტების პაკეტი მიგრაციის პოლიტიკის გამკაცრების შესახებ.
მიგრაციის დეპარტამენტის ცნობით, 2025 წელს საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნიდან 1311 უცხოელი მოქალაქე გააძევა - აღნიშნული მაჩვენებელი აღემატება 2014-2024 წლებში გაძევებულთა საერთო რაოდენობას.
უწყების მონაცემებით, გაძევებულ უცხოელებს შორის ყველაზე მეტი ინდოეთის მოქალაქე იყო. გასულ წელს საქართველოდან ჯამში ინდოეთის 269 მოქალაქე გააძევეს.
გაძევებული უცხოელების რაოდენობით მეორე ადგილზე თურქეთია. ამ პერიოდში საქართველოდან თურქეთის 176 მოქალაქე გააძევეს. მესამე ადგილზე ირანია - 157 მოქალაქე.
რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, 2025 წელს საქართველოდან აზერბაიჯანის 39, სომხეთის 26 და რუსეთის 73 მოქალაქე გააძევეს.