პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს: დაკავებულია 4 პირი

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სხვადასხვა დროს 4 პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულებს ბრალი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვასა და რეალიზაციის ხელშეწყობაში, ასევე ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა - მოყვანაში ედებათ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის „ალფა-პვპ“, „მეფედრონი", „გამომშრალი მარიხუანა“ და „მცენარე კანაფი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სსკ-ის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.