თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. სლოვაკეთი არ იზიარებს ევროკავშირის მიდგომას თბილისის მიმართ და ევროინტეგრაციის, როგორც ზეწოლის ინსტრუმენტის გამოყენებას მიუღებლად მიიჩნევს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბრატისლავაში ვიზიტის შეჯამებისას.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სლოვაკეთში სამუშაო ვიზიტით 16 თებერვალს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა სლოვაკ კოლეგა იურაი ბლანართან.
„სლოვაკეთი არის ქვეყანა, რომელიც არ ეთანხმება ევროკავშირის უსამართლო მიდგომებს საქართველოსთან მიმართებაში და ევროინტეგრაციის პროცესის ინსტრუმენტად გამოყენებას. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენს პარტნიორებთან გვქონდეს პოლიტიკური დიალოგი", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, უახლოეს მომავალში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის სლოვაკეთში ვიზიტები და სლოვაკური მხარის საპასუხო ვიზიტი საქართველოში.
„ეს კიდევ ერთხელ შეუწყობს ხელს პირველ რიგში პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებას და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
თავის მხრივ, ბლანარმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სლოვაკეთმა ეუთოში საქართველოს შესაძლო თავმჯდომარეობის საკითხი წამოჭრა. მან ასევე აღნიშნა, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს საქართველოსა და ევროკავშირს შორის კონსტრუქციული დიალოგის დამყარებას.
საქართველომ და სლოვაკეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის იანვარში დაამყარეს. ქვეყნებმა გააფორმეს ხუთი ხელშეკრულება და რამდენიმე უწყებათაშორისი შეთანხმება. საქართველოს საელჩო სლოვაკეთში 2006 წელს გაიხსნა, ხოლო სლოვაკეთის საელჩო საქართველოში - 2014 წელს.
2025 წელს საქართველოს მთავრობამ ქუთაისში სლოვაკეთის საპატიო საკონსულოს გახსნას დაუჭირა მხარი. საპატიო საკონსულო ფარავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, გურიის, იმერეთის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებს.