თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა 14 წელს მიუღწეველი არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით 32 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 9 და 11 წლის არასრულწლოვან გოგონებს ერთ-ერთი სოციალური ქსელის საშუალებით დაუკავშირდა და ინტიმური ხასიათის შეტყობინებებს უგზავნიდა.
კომუნიკაციის პერიოდში, ბრალდებულმა გოგონებს ინტიმური ხასიათის ვიდეო გაუგზავნა საკუთარ ფოტოსთან ერთად, ხოლო მათგან პასუხად ანალოგიური ხასიათის ფოტო-ვიდეო მასალის გადაგზავნა მოითხოვა.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მომხდარიდან მალევე დაადგინეს დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და ბრალდებულის სახით დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.