თბილისი, 15 თებერვალი - Sputnik. ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
15 თებერვალი ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების საერთაშორისო დღეა.
უწყების ცნობით, მიხეილ სარჯველაძემ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტები მოინახულა, შეხვდა მათ მშობლებსა და სამედიცინო პერსონალს. მინისტრი ბენეფიციარების ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მკურნალობის შესახებ ინფორმაციას ადგილზე გაეცნო.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა სამინისტროს პრიორიტეტია. ამ მიზნით გაგრძელდება და კიდევ უფრო განვითარდება ის პროგრამები, რაც პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
სახელმწიფო ონკოლოგიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობას როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში სპეციალური პროგრამის ფარგლებში აფინანსებს.
საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა 2023 წლის აგვისტოდან მოქმედებს და დღეისათვის მკურნალობის კურსის გავლა ონკოპაციენტ ბავშვებს რვა წამყვან კლინიკაში – თურქეთში, ესპანეთსა და ისრაელში შეუძლიათ.
სამკურნალო პაკეტი მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევასა და პროტონოთერაპიას.
18 წლამდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბენეფიციარს მკურნალობა როგორც საქართველოში, ისე - ესპანეთის, ისრაელისა და თურქეთის წამყვან, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებებში სახელმწიფოს მხრიდან სრულად უფინანსდება.
ამოქმედებიდან დღემდე, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამაში 195 ბენეფიციარი ჩაერთო.
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის ფარგლებში, პაციენტებს, სამედიცინო სერვისის მიღება შეუძლიათ: ესპანეთში, „ქირონ სალუდის პროტონოთერაპიის ცენტრში“; ისრაელის „თელ-ავივ სოურასკის (იხილოვის) სამედიცინო ცენტრში“; თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრში“; „აჯიბადემის ჰოსპიტალში“; „ჰოსპიტალ მემორიალში“; „მედიკანას საერთაშორისო კლინიკაში“, „ემსი ჰოსპიტალსა“ და „მედიპოლ მეგა საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“.
უმეტეს შემთხვევაში მკურნალობის ერთი კურსი 100 ათასი ევრო ღირს, სწორედ ამის გამო მიიღო მთავრობამ გადაწყვეტილება მკურნალობის ყველა ხარჯი თავის თავზე სრულად აიღოს. ადრე სახელმწიფო ამ ბავშვების მკურნალობის მხოლოდ ნაწილს ფარავდა. ამ მიზნით მთავრობა წელიწადში დაახლოებით 10 მილიონ ლარს გამოყოფდა, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. ახალი პროექტისთვის ბიუჯეტიდან დაახლოებით 30 მილიონი ლარი არის გამოყოფილი.