თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. მიუნხენის უსაფრთხოების რიგით 62-ე კონფერენციის (MSC) ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს როლზე შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში და ხაზი გაუსვა დაკავშირებადობის გაძლიერების მნიშვნელობას და ხედვას, რომელიც "შუა დერეფანს" არა მხოლოდ სატრანსპორტო მარშრუტად, არამედ უსაფრთხო, სწრაფ და ეფექტიან ეკონომიკურ ხიდად მოიაზრებს.
"ამასთან, აღინიშნა საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა და ღია ეკონომიკური პოლიტიკა, რაც ქვეყანას ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ უალტერნატივო კვანძად აქცევს", - ნათქვამია განცხადებაში.
პანელურ დისკუსიაში – "ევრაზიის სტრატეგიული წესრიგის განსაზღვრა: შუა დერეფანი, როგორც ევროპული უსაფრთხოების დღის წესრიგი სტაბილურობის, მშვიდობის, უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობისათვის" მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი, ოდილ რენო-ბასო.
კონფერენციის ფარგლებში ბოჭორიშვილი შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთანაც.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ფორუმია საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხების განსახილველად. 2026 წელს მიუნხენის 62-ე უსაფრთხოების კონფერენცია 13-დან 15 თებერვლის პერიოდში გაიმართება.
კონფერენციის დღეებში მიუნხენში გაიმართება 21 დემონსტრაცია, მათ შორის ირანის ოპოზიციის სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლებისა.
ღონისძიების დროს მიუნხენის საჰაერო სივრცე დაიხურება თვითმფრინავებისთვის, მათ შორის დრონებისთვის.