ევროკავშირი შეშფოთებულია კანონით „გრანტების შესახებ“ - ელჩმა ბრიუსელის პოზიცია გაახმოვანა

ასეთი ზომები შეუთავსებელია საქართველოს მიერ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებთან და ეწინააღმდეგება, განაცხადა ევროკავშირის ელჩმა
Sputnik
თბილისი, 14 თებერვალი - Sputnik. „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებების მიღება შეზღუდავს სამოქალაქო სივრცეს და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას, ასევე ნეგატიურად აისახება დიპლომატიური მისიების მუშაობაზე, განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილთან შეხვედრაზე.
კერძოდ, ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, 2026 წლის 11 თებერვალს, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა შეხვედრის შესახებ თხოვნით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა. შეხვედრის მიზანი იყო „გრანტების შესახებ“ კანონსა და მასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო აქტებში ახლახან წარდგენილ ცვლილებების პაკეტის შესახებ ევროკავშირის „სერიოზული შეშფოთების“ გამოთქმა. შეხვედრა 12 თებერვალს შედგა.
„პირველი მოსმენით მიღებული ცვლილებების ამ სახით დამტკიცება კიდევ ერთ მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის საქართველოში სამოქალაქო სივრცესა და პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი ზომები შეუთავსებელია საქართველოს მიერ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებთან და ეწინააღმდეგება იმ ვალდებულებებს, რომლებიც საქართველომ, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა ქვეყანამ, თავად აიღო.
ევროკავშირის ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ დამტკიცების შემთხვევაში, ცვლილებებმა შეიძლება პირდაპირ და უარყოფითად იმოქმედოს საქართველოში მოქმედი დიპლომატიური მისიების მუშაობაზე, რაც ეწინააღმდეგება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დებულებებსა და პრინციპებს.
რა იცვლება კანონში „გრანტების შესახებ“
მომავალ კვირაში საქართველოს პარლამენტი დაარეგისტრირებს ცვლილებების პაკეტს, რომელიც „გრანტების შესახებ“ კანონის გამკაცრებას ითვალისწინებს.
პაკეტი შემუშავებულია მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ და „გრანტების შესახებ“ კანონით დადგენილი წესების დარღვევისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
კანონპროექტების პაკეტში ზუსტდება გრანტების ცნება. გრანტად ასევე ჩაითვლება ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენას.
ასევე, თუ ფულადი სახსრები იხარჯება საქართველოს შიდა ან საგარეო პოლიტიკის ფორმირებაზე, გატარებასა ან შეცვლაზე ორიენტირებულ საქმიანობაზე, ასევე საქმიანობაზე, რომელიც გამომდინარეობს უცხოური სახელმწიფოს მთავრობის ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან.
პირის მიერ ასეთი გრანტის მიღება მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი ნებართვის შემთხვევაშია შესაძლებელი.
გრანტად აგრეთვე მიიჩნევა ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომლის სანაცვლოდ გრანტის მიმღები ტექნიკურ დახმარებას ახორციელებს ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების, მომსახურების ან/და სხვა სახის დახმარების ფორმით. შესაბამისად, თუ უცხოური ძალა ფულის სანაცვლოდ საქართველოში ექსპერტებს დაიქირავებს, ეს ფული გრანტად ჩაითვლება.
ცვლილებები შეეხება ქვეყანაში ფაქტობრივად მოქმედ უცხოურ ორგანიზაციებს, ასევე უცხოური კომპანიების ფილიალებსა და წარმომადგენლობებს.
კანონით განისაზღვრება იმ სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის ცნება, რომლის საქმიანობა არსებითად მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას.
განისაზღვრება, რომ ამგვარმა იურიდიულმა პირმა გრანტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობის შემდეგ შეიძლება მიიღოს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, მას სისხლის სამართლის წესით დაეკისრება პასუხისმგებლობა.
თუ არარეზიდენტი იურიდიული პირის წარმომადგენლობა, ფილიალი განყოფილება გრანტს, მათ შორის, იმ იურიდიული პირისგან იღებს, რომლის ფილიალიც ის არის, ამ ფილიალს გრანტის მისაღებად საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობა ესაჭიროება. კანონპროექტით განისაზღვრება, რომ ამ ფილიალის მიერ გრანტის თანხმობის გარეშე მიღება გამოიწვევს ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობას - ჯარიმის სახით უკანონოდ მიღებული გრანტის ორმაგი ოდენობით.
სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება გარე ლობიზმი. კერძოდ, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის ან იურიდიული პირისთვის საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების სანაცვლოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე უპირატესობის პირდაპირ ან არაპირდაპირ გადაცემა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე ვადით.
გარდა ამისა, ცვლილებები სხვა კანონებშიც შევა.
სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლს ემატება დამამძიმებელი გარემოება, კერძოდ, ფულის გათეთრება საქართველოს პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების მიზნით გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.
კანონპროექტით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ასევე იმ პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელ თანამდებობის პირს, რომელიც დაარღვევს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონს, კერძოდ, მიიღებს უცხოურ დაფინანსებას.
ეს დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე.