თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის გზების განვითარებისთვის ახალი სტანდარტი დადგინდება, კერძოდ, საერთაშორისო მნიშვნელობის გზებიდან 200 მეტრის ფარგლებში მშენებლობები შეიზღუდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტით, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე და გზისპირა ზონებში, გზის ღერძიდან 200 მეტრის ფარგლებში ორივე მხარეს გზების მფლობელთან შეუთანხმებლად აკრძალული იქნება მშენებლობა.
კერძოდ, რეგულაცია შეეხება იმ მონაკვეთებს, რომლებიც უკვე ექსპლუატაციაშია ან სადაც მიმდინარეობს ან დაგეგმილია მაგისტრალური გზების მშენებლობა და მოდერნიზაცია.
ახალი რეგულაცია ეხება შემდეგ მაგისტრალებს:
თბილისი–სენაკი–ლესელიძე
სენაკი–ფოთი–სარფი
თბილისი–წითელი ხიდი
თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხი,
მარნეული–სადახლო
თბილისის შემოსავლელი
სამტრედია–ლანჩხუთი–გრიგოლეთი.
"ეს მიმართულებები ქვეყნის ეკონომიკურ და საერთაშორისო კავშირებში სტრატეგიულ როლს ასრულებს, ხოლო მათი უსაფრთხო და შეუფერხებელი ფუნქციონირება საქართველოს სატრანსპორტო სისტემის განვითარების საფუძველია", - აღნიშნულია განცხადებაში.
რეგულაციის მიზანი ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირების დაცვა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი სატრანსპორტო სისტემის განვითარებაა.
დეპარტამენტის ინფორმაციით, მნიშვნელოვანია, რომ გზების მიმდებარე ტერიტორიებზე ქაოტურმა და უნებართვო საქმიანობამ არ შეაფერხოს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, არ შექმნას უსაფრთხოების დამატებითი რისკები და არ დააზიანოს გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია.
ახალი რეგულაცია მომზადებულია "საავტომობილო გზების შესახებ" საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე.