საქართველოში პლასტმასის ბოთლებით სასმელების გაყიდვა შეიძლება აიკრძალოს

პლასტიკთან ბრძოლა საქართველოში 2019 წელს დაიწყო.
Sputnik
თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთავრობა პლასტმასის ბოთლებით სასმელების გაყიდვის აკრძალვის საკითხს განიხილავს, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა.
საქართველოში პლასტიკის ნაწარმის წინააღმდეგ ბრძოლა 2026 წლიდან აქტიურ ფაზაში გადავიდა. 1-ელი იანვრიდან აიკრძალა ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ჭურჭლის წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.
„ვფიქრობთ, რომ საერთოდ უნდა ვთქვათ პლასტმასზე უარი და ნებისმიერ მარკეტებში, ქსელებში პლასტმასში განთავსებული სასმელები არ უნდა გაიყიდოს. ეს არის შემდგომი ეტაპი. ამიტომ ეს იქნება მომავალი წლის, სავარაუდოდ, თებერვლიდან. ესეც ჯერჯერობით ინიციატივაა", - განაცხადა პავლიაშვილმა.
მისი თქმით, აკრძალვა არ შეეხება ზეთის პლასტმასის ბოთლში გაყიდვას და ასევე 10 ლიტრზე მეტი მოცულობის ბოთლებით წყლის გაყიდვას. შეზღუდვა ასევე არ შეეხება ექსპორტს.
„ჩვენ მზესუმზირის ზეთზე თავი შევიკავეთ, იმიტომ რომ ის მოსახლეობის სამომხმარებლო კალათაში ერთ-ერთი განმსაზღვრელია", - განაცხადა პავლიაშვილმა.
პლასტმასის ჭარბი მოხმარება თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური გარემოსდაცვითი პრობლემაა და ამ მხრივ საქართველო გამონაკლისი არ არის.
საქართველოში ჩატარებული კვლევის თანახმად, ქვეყანა ყოველწლიურად დაახლოებით 612,5 მლნ ერთეულ ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ჭიქას, თავსახურს, საკვების კონტეინერს, დანას, ჩანგალს, კოვზს, ე.წ. „საწრუპს“, თეფშს მოიხმარს, რაც ჯამურად 3,9 - 5,9 ათას ტონა პლასტიკს შეადგენს.
პლასტიკთან ბრძოლა საქართველოში 2019 წელს დაიწყო. საქართველომ 2019 წლის აპრილიდან აკრძალა ნებისმიერი სიმკვრივის ერთჯერადი პლასტმასის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია, გარდა ბიოდეგრადირებადი პარკებისა.