საქართველოში წარმოება მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული: კომისიის პირველადი დასკვნა

სურსათზე ფასების საკითხი საქართველოში აქტუალური გახდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, რომელიც შესაძლო ხელოვნურად გაბერილ ფასებს შეეხებოდა.
Sputnik
თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. საქართველოში საფასო პოლიტიკა ძირითადად განისაზღვრება იმპორტზე დამოკიდებულებით და მიწოდების ჯაჭვში პრობლემებით, განაცხადა სურსათის ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა.
საურსათის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისია თებერვლის დასაწყისში შეიქმნა და დღეს პირველი სხდომა გამართა - კომისიის წევრებმა რძისა და რძის ნაწარმის, ასევე კვერცხისა და ხორცპროდუქტების მწარმოებლებს მოუსმინეს.
„იმპორტზე დამოკიდებულება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს წარმოების ნაწილზე და საფიქრალია, აქ რა მიდგომები გვექნება“, - განაცხადა ბერეკაშვილმა.
მისი თქმით, ასევე პრობლემას წარმოადგენს ნაშთების მართვა, სადაც ბიზნესის ოპერაციული ხარჯები 5-6%-ს შეადგენს.
„ასიმეტრიული ურთიერთობებია ჯაჭვში, ზემოდან ქვემოთ. ფასწარმოქმნის ჯაჭვის ზემოთ მდგომი წერტილი უფრო პრივილეგირებულია და საკონტრაქტო ურთიერთობაში დომინანტია, რაც ქმნის მისთვის განსაკუთრებულ შესაძლებლობებს ფასის წარმოქმნისა და დომინანტობისთვის", - განაცხადა ბერეკაშვილმა.
სურსათზე ფასები
გასული წლის დეკემბერში მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ სურსათზე ფასების ზრდის შესწავლის აუცილებლობის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ მაღაზიებში ფასნამატი საშუალოდ 86%-ია და, შესაძლოა, კარტელური გარიგებების ნიშნები არსებობდეს. სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების დარეგულირების საკითხს სხვა უწყებებთან ერთად სწავლობს საპარლამენტო კომისიაც.
სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით შექმნილმა სამთავრობო კომისიამ ორი კვირის განმავლობაში შეისწავლა სურსათზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასების საკითხი. კომისიამ გამართა შეხვედრები ბიზნესის წარმომადგენლებთან და მათი არგუმენტები მოისმინა.
ფასების დარეგულირების საკითხს სწავლობს 3 თებერვალს შექმნილი დროებითი საპარლამენტო კომისიაც, რომელსაც ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელი შოთა ბერეკაშვილი ხელმძღვანელობს. ბერეკაშვილის თქმით, კომისია შეხვედრებს გამართავს სექტორის წამყვან კომპანიებთან, მწარმოებლებთან, იმპორტიორებთან, დისტრიბუტორებთან და საცალო ქსელების ოპერატორებთან.
კომისიების პარალელურად, ფასების საკითხს ცალკე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სწავლობს. სუსმა რამდენიმე კომპანიიდან დოკუმენტების ასლები ამოიღო.
პარლამენტისა და სამთავრობო კომისიების მუშაობის საფუძველზე აპრილის ბოლოს მომზადდება ანგარიში, რომელიც, მთავრობის აზრით, გავლენას მოახდენს საქართველოში ფასების შემცირებაზე.
ოპოზიცია აცხადებს, რომ მთავრობის ახალი ინიციატივა ფასების გადახედვის შესახებ იქნება დარტყმა ბიზნესისთვის და წარმოადგენს ქსელური მარკეტების შანტაჟის მცდელობას საზოგადოების დასამშვიდებლად, პრობლემის გადაჭრის ნაცვლად.