თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) ინსპექტორებმა ოზურგეთში ხორცისა და ხორცპროდუქტების ორი არალეგალური საწარმო გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ოზურგეთში, თაყაიშვილის N1-ში ფიზიკური პირი კუსტარულად მოწყობილ ობიექტზე სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევით აწარმოებდა ხორცს. გურიის ქ. N35-ში თვითნებურად მოწყობილ სასაკლაოში კი ინდმეწარმე ვეტერინარული ზედამხედველობისა და სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა.
სახელმწიფო კონტროლის შედეგად ორივე ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, დაილუქა საეჭვო წარმომავლობის 135კგ-ზე მეტი გოჭისა და ფრინველის ხორცი და გულღვიძლი. ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.
სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს სურსათი, განსაკუთრებით ხორცი და ხორცპროდუქტები არაორგანიზებული ვაჭრობის პირობებში და ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე.
სესი ბიზნესოპერატორებს აფრთხილებს, დაიცვან სურსათის უვნებლობისადმი არსებული მოთხოვნები და ხორცის წარმოება/გადამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობის დაწყებამდე მიიღონ სავალდებულო აღიარება.