თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თემებს - მათ შორის აფხაზეთის გავლით სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლის აღდგენას, განაცხადა „Sputnik-საქართველოსთან" „სამეგრელოს უხუცესთა საბჭოს" თავმჯდომარემ და საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა ფრიდონ ინჯიამ.
„სამეგრელოს უხუცესთა საბჭოს" ბიურომ საქართველოს მთავრობას რიგი ინიციატივებით მიმართა. წინადადებებს შორისაა - რუსეთთან პირდაპირი დიალოგის აღდგენა, აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა, კონსტიტუციიდან იმ პუნქტის ამოღება, რომელიც ეხება საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებას და ასევე რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოში გაწევრიანებას.
„პირდაპირ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. დღეს იქნება ეს თუ ხვალ, ჩვენ მაინც მივალთ იმ დასკვნამდე, რომ დიალოგი აუცილებელია რიგი მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად, როგორიცაა რუსეთთან სარკნიგზო და საავტომობილო მიმოსვლის აღდგენა აფხაზეთის გავლით“, - განაცხადა ინჯიამ.
მისი თქმით, ქვეყნებს შორის სარკნიგზო და საავტომობილო მიმოსვლის აღდგენას „მთელი რეგიონისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს“.
„ეს მომგებიანი იქნება ყველა იმ ქვეყნისთვის, რომლებსაც რეგიონთან კავშირი აქვთ. ისინი დამატებით შემოსავალს მიიღებენ“, - განაცხადა ინჯიამ.
როგორც მან აღნიშნა, ეს, პირველ რიგში, მოსახლეობისთვის იქნება სასარგებლო. კერძოდ, დასავლეთ საქართველოს მაცხოვრებლებისთვის, რომლებსაც დამატებითი შემოსავალი გაუჩნდებათ და „წლების განმავლობაში ემიგრაციაში წასვლა არ მოუწევთ“, ასევე აფხაზეთის მოსახლეობისთვის.
„ამ კონტექსტში, ამ ნაწილში, ჩვენ საერთოდ არ გვჭირდება პოლიტიკაზე ან ამ ასპექტზე შეხება. ჩვენ შეგვიძლია დავეყრდნოთ მხოლოდ ეკონომიკასა და მოსახლეობის კეთილდღეობას“, - დასძინა ინჯიამ.
როგორც მან განმარტა, ეს ხელს შეუწყობს საკონტროლო-გამშვები პუნქტ „ზემო ლარსის" განტვირთვას, რომლის გავლითაც თურქეთიდან რუსეთში ტვირთების დიდი ნაწილი გადის და სადაც, განსაკუთრებით ზამთარში, რთული მეტეოროლოგიური პირობები რეგულარულად იწვევს კილომეტრიან რიგებს.
რაც შეეხება საქართველოს რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოში მიღებას, ინჯიამ განაცხადა, რომ ეს მხოლოდ იმ საზღვრების გათვალისწინებით უნდა მოხდეს, რომლებიც გაეროს მიერ 1992 წლამდე იყო აღიარებული.
„ეს ყველა ქვეყნისთვის მომგებიანი იქნება როგორც ფინანსური, ისე რიგი სხვა ასპექტებით“, - განაცხადა ინჯიამ.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ქართულმა მხარემ ის 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთი) დამოუკიდებლობა აღიარა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული, რომლებსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი გიორგი ქაჯაია და რუსეთის დუმის ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი მართავენ.
რუსეთისა და ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფო - ზესახელმწიფოებრივი გაერთიანებაა, რომელიც შეიქმნა 1999 წლის 8 დეკემბრის შეთანხმების საფუძველზე ორი ქვეყნის შემდგომი ინტეგრაციის მიზნით, მათი სუვერენიტეტის შენარჩუნებით. გაერთიანება უზრუნველყოფს ერთიან ეკონომიკურ, თავდაცვით და სამართლებრივ სივრცეს და გარანტიას აძლევს მოქალაქეებს თანაბარ სოციალურ უფლებებზე, როგორიცაა გადაადგილების თავისუფლება, დასაქმება და განათლება.