თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. ევროპული ბიუროკრატია ორმაგ სტანდარტებს ავლენს - მაშინ, როცა რუსეთთან პირდაპირი დიალოგი აქტიურად განიხილება, საქართველოსთან იგი დღემდე არ არის აღდგენილი, ქვეყნის ხელისუფლებას კი „პრორუსულობაში" სდებენ ბრალს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ადრე განაცხადა, რომ მან „რამდენიმე ევროპელ კოლეგას“ შესთავაზა რუსეთთან დიალოგის განახლება. პარიზმა მოსკოვთან დიალოგის არხი „ტექნიკურ დონეზე“ აღადგინა, განაცხადა მაკრონმა. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირს რუსეთთან კონტაქტებისადმი „ორგანიზებული ევროპული მიდგომა“ ექნება.
„ევროპული ბიუროკრატია ავლენს ორმაგ სტანდარტებს. ღიად დაიწყეს საუბარი რუსეთთან პირდაპირი დიალოგის აუცილებლობაზე. საქართველოსთან კი დღემდე არ აქვთ აღდგენილი პირდაპირი დიალოგი იმ საბაბით, რომ „საქართველო არის პრორუსული თუ რუსული“ ხელისუფლების მქონე ქვეყანა", - განაცხადა კობახიძემ.
ვხედავთ, სადამდე არის დაცემული ეს სტანდარტები ევროპულ ბიუროკრატიაში. იმედი გვაქვს, რუსეთთან პირდაპირი დიალოგის აღდგენის შემდეგ საქართველოსთანაც მოახერხებენ პირდაპირი დიალოგის აღდგენას“,- განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ მოსკოვთან დიალოგის აღდგენის შემდეგ, თბილისთანაც მოხერხდება ანალოგიური კომუნიკაციის დამყარება.
დასავლეთი საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიისგან უკან დახევისა და ანტიდასავლური რიტორიკის გამო აკრიტიკებს. ხელისუფლება კი განხეთქილებას ქვეყნის პოზიცის გამო დასავლეთის უკმაყოფილებით ხსნის, რომელიც უკავშირდება უკრაინის კონფლიქტს და სუვერენიტეტისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისკენ სწრაფვას.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი რიგითი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება ამ პირობებს არარეალურს უწოდებს და დარწმუნებულია, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.