თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. ბრიუსელი შეაქებდა საქართველოს, თუ ქვეყნის ხელისუფლება უარს იტყოდა სუვერენიტეტზე, დათანხმდებოდა ერთსქესიანთა ქორწინებას და ჩაერთვებოდა ომში, განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პეტერ სიიარტომ თავის ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში იმყოფება, სადაც მონაწილეობას მიიღებს „ბუდაპეშტის გლობალურ დიალოგში". უნგრელ კოლეგასთან შეხვედრის გარდა, ბოჭორიშვილი უნგრეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერ ლასლო კოვერთან გამართავს შეხვედრას.
„ბრიუსელში ყველა შეაქებდა საქართველოს, თუ საქართველო მზად იქნებოდა დაეთმო საკუთარი სუვერენიტეტი, თუ საქართველო დაუშვებდა, რომ ბრიუსელი ჩარეულიყო მის შიდა საქმეებში. ისინი ძალიან მოხარული იქნებოდნენ, რომ საქართველო ასევე ჩართული ყოფილიყო ომში. ბრიუსელი შეაქებდა საქართველოსა და ქართველ ხალხს, თუ ისინი ომში წავიდოდნენ, საქართველოს ასევე შეაქებდნენ თუ გეი-ქორწინებას დააკანონებდნენ", - განაცხადა სიიარტომ.
მისი თქმით, რადგანაც საქართველოს ზემოთჩამოთვლილთაგან არცერთის გაკეთება არ სურს, ბრიუსელისგან ქებას არ უნდა ელოდოს.
„სუვერენული და პატრიოტული, კონსერვატორული მთავრობები, რომლებიც ეროვნულ ინტერესებს წარმოადგენენ, ვერ ენდობიან ბრიუსელს. ჩვენ ვართ ის იღბლიანი სახელმწიფოები. რადგან საქართველოში გყავთ ასეთი მთავრობა, ისევე როგორიც უნგრეთში, ჩვენ გვმართავს ჩვენი მთავრობები და არა - ბრიუსელი“, - აღნიშნა სიიარტომ.
როგორც მან აღნიშნა, უნგრეთი საქართველოს ყოველთვის დაუჭერს მხარს.
„ჩვენ ვეწინააღმდეგებოდით ყველა სახის სანქციებს საქართველოსა და ქართველი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ. ჩვენ ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდით სავიზო შეზღუდვების შემოღებას და არასდროს დავთანხმებულვართ, რომ საქართველომ უნდა დათმოს თავისი სუვერენიტეტი, რათა ევროკავშირში გაწევრიანდეს“, - განაცხადა სიიარტომ.
თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო-უნგრეთის ურთიერთობები ძალიან კარგად ვითარდება - ისინი ისედაც ძალიან ძლიერი და მტკიცეა.
„ჩვენ დავამყარეთ მაღალი დონის თანამშრომლობა პრემიერ-მინისტრების დონეზე და ყოველწლიურად შეხვედრებს ვმართავთ, რომლებიც სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას განსაზღვრავს. ჩვენ ვცდილობთ, ვითანამშრომლოთ საერთო ინტერესების მისაღწევად“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, რომ სუვერენიტეტის დასაცავად მუდმივ მუშაობასა და თანამშრომლობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი რიგითი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება ამ პირობებს არარეალურს უწოდებს და დარწმუნებულია, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.