კობახიძე: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ტექნიკურ უნივერსიტეტთან აღარ გაერთიანდება

ქვეყნის ორი უნივერსიტეტის გაერთიანების თაობაზე მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი 29 იანვარს გახდა.
Sputnik
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთავრობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის, შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ბრიფინგამდე კობახიძე სტუ-ის რექტორსა და პროფესორ - მასწავლებლებს შეხვდა.
კობახიძის თქმით, აღნიშნულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, „ერთი ქალაქი- ერთი ფაკულტეტის" პრინციპის შესაბამისად სტუ გარდაიქმნება „წმინდა ტექნიკურ" უნივერსიტეტად.
როგორც პრემიერმა განმარტა, ტექნიკურ უნივერსიტეტში დარჩება მხოლოდ ტექნიკური ფაკულტეტები, ტექნიკური პროფილის არმქონე სასწავლო პროგრამები კი მილევად რეჟიმში იქნება.
„ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალში ისწავლება მხოლოდ ის დისციპლინები, რომლებიც 1990-იან წლებამდე ისწავლებოდა სტუ-ში. ამასთან, ტექნიკურ უნივერსიტეტში მომდევნო აკადემიური წლისთვის აღარ გამოცხადდება მიღება იმ დისციპლინებზე, რომლებიც 90-იან წლებამდე არ შედიოდა სტუ-ს სასწავლო პროგრამაში. შესაბამისად, ტექნიკური პროფილის არმქონე სასწავლო პროგრამები მომდევნო 2 წლის განმავლობაში სტუ-ში დარჩება მილევად რეჟიმში“, - განაცხადა კობახიძემ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების თაობაზე მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი 29 იანვარს გახდა. გაერთიანებული სასწავლებლების სახელწოდება უნდა ყოფილიყო „თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი".
მთავრობის აღნიშნულ გადაწყვეტილებას ორივე უნივერსიტეტის სამეცნიერო საზოგადოებისა და აკადემიური სექტორის წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.