თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. მორიგი დასტური, რომ საქართველო დასავლეთისთვის ძალზე მნიშვნელოვანია და საჭიროა დიალოგი არაერთ საკითხზე, ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მარიამ ლაშხმა ევროკომისიის კვლევა.
ევროკავშირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის მიერ გუშინ გავრცელებულ კვლევაში ნათქვამია, რომ საქართველო უალტერნატივო სტრატეგიული დერეფანია, რომლის მოდერნიზება და ევროპულ სტანდარტებთან თავსებადობა ევროპის ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე პირდაპირ აისახება.
„ძალიან მნიშვნელოვანი ანგარიში არის თავისი შინაარსით, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს არა მხოლოდ როგორც ტრანზიტულ ქვეყანას, არამედ, როგორც მნიშვნელოვან „შუა დერეფნის" როლს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაკავშირებადობის ნაწილზე", - განაცხადა ლაშხმა.
მისი თქმით, ის, რომ საქართველო სტრატეგიულ ადგილას მდებარეობს და სწორ პოლიტიკას ახორციელებს დაკავშირებადობისა და „შუა დერეფნის" როლში, ზოგიერთი ბიუროკრატისთვის მხოლოდ ახლა ხდება ცნობილი.
„მიუხედავად ამისა, ხელისუფლება აგრძელებს საქართველოს, როგორც „შუა დერეფნის" როლის განვითარებას და ყველა იმ სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტის მაქსიმალურად ეფექტიანად აღსრულებას, რომელზეც საუბარი არის ამ ანგარიშში", - აღნიშნა დეპუტატმა.
როგორც გუშინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველოს მთავრობა ცდილობს მაქსიმალურად გამოიყენოს ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა და ამ მიზნით ავითარებს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას.
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით.
ამჟამად „შუა დერეფანი“ გადის ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოს გავლით ევროპის ქვეყნებისკენ.
საქართველო „შუა დერეფანს“ 2022 წელს შეუერთდა. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო ჩართულიყო დერეფანში როგორც სატრანზიტო გზის ნაწილი.
საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე – ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს.