თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. ქვეყნის ორი უძველესი უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) გაერთიანების ვადა, შესაძლოა, გახანგრძლივდეს, ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.
მანამდე განათლების სამინისტრო სთავაზობდა გაერთიანების პროცესის ექვს თვეში დასრულებას და ამ მიზნით სპეციალური საბჭოს შექმნას. ამასობაში, სტუ-ს აკადემიურმა საბჭომ გაერთიანებისა და ავტონომიის დაკარგვის წინააღმდეგი წავიდა. გაერთიანებას ეწინააღმდეგებოდა თსუ-ს ზოგიერთი სტუდენტი და პროფესორიც.
„შეთავაზებული იყო, რომ დავიწყოთ რეორგანიზაციის პროცესი, ჩამოვაყალიბოთ დროებითი მმართველი ორგანო, თუმცა ამ მმართველმა ორგანომ არა მყისიერად და რამდენიმე თვის განმავლობაში, არამედ თუნდაც ორი წლის, ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში, რაც რეფორმის პროცესისთვის მთლიანად გვაქვს განსაზღვრული, იმსჯელოს ამ საკითხებზე, ყველა პოზიცია შეაჯეროს და მხოლოდ ამის შემდეგ დასრულდეს მთლიანი რეორგანიზაცია“, - განაცხადა მიქანაძემ.
მინისტრის თქმით, ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ რეორგანიზაციის დაწყებამდე უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც ყველა საკითხს განიხილავს.
„დღეს შედგა ჩემი პირველი შეხვედრა ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, 20-20 წარმომადგენელი ესწრებოდა თითოეული უნივერსიტეტიდან. ყველა ვთანხმდებით, რომ განათლების სისტემა და, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, უმაღლესი განათლების სისტემა დგას გამოწვევების წინაშე. ყველა ვთანხმდებით, რომ აუცილებლად გასატარებელია ის საკითხები, რაც რეფორმის კონცეფციით არის გათვალისწინებული, რადგან მის შედეგს სასიცოცხლოდ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის“, - განაცხადა მინისტრმა.
განათლების მინისტრის თქმით, უწყებამ მოითხოვა, რომ ორივე უნივერსიტეტის აკადემიურმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იფიქროს ამ კონკრეტულ წინადადებაზე, გააანალიზოს მისი ასპექტები, რომლებიც დაკავშირებულია რეფორმის განხორციელებასთან და მიზანშეწონილობასთან და განიხილოს მისი მიზანშეწონილობა.
„პარალელურად, ჩვენი მხრიდან დაფიქსირდა პოზიცია, რომ ჩვენ გუნდში კიდევ ერთხელ შევაჯერებთ იმ პოზიციებს, რაც გამოთქმულ იქნა, ვისმჯელებთ, რა შეიძლება დამატებით შევთავაზოთ საზოგადოებას ამ პროცესთან დაკავშირებით“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კავკასიაში პირველი უნივერსიტეტია, რომელიც დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს — 1918 წლის 8 თებერვალს (ძველი სტილით 26 იანვარს) გაიხსნა. 1989 წელს უნივერსიტეტს მისი დამაარსებლის ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა. თსუ-ში შვიდი ფაკულტეტია, სადაც 22 ათასი სტუდენტი სწავლობს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 1922 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის ბაზაზე დაარსდა. სტუ-ში 11 ფაკულტეტია, სადაც დაახლოებით 25 ათასი სტუდენტი სწავლობს.
როგორც თსუ, ისე სტუ შეტანილია Times Higher Education-ის მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში. 2026 წლის რეიტინგში ორივე უნივერსიტეტი 1501+ ადგილზეა.