თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტო „დანონის“ ბავშვთა კვების პროდუქტების კონკრეტული პარტიების მოკვლევას ახორციელებს, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მულტინაციონალური კომპანია „დანონი ნუტრიციადან“ მიიღო შეტყობინება „დანონის“ პროდუქციის კონკრეტული პარტიების ბაზრიდან გამოთხოვის შესახებ, რაც განპირობებულია პრევენციით, კონკრეტულად, ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანოს (EFSA) ახალი მითითებებით და არ უკავშირდება სურსათის უვნებლობის სტანდარტების დარღვევას.
2026 წლის 2 თებერვალს ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანომ (EFSA) ბავშვთა კვებისთვის დააწესა ცერეულიდის (cereulide) დაბალი ზღვარი. წარმოების პერიოდში „დანონის“ პროდუქცია სრულ შესაბამისობაში იყო ევროკავშირის ყველა მოქმედ რეგულაციასთან, თუმცა კომპანიის მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე მიიღეს გადაწყვეტილება, კონკრეტული პარტიების ბაზრიდან გამოთხოვის შესახებ.
ჩამონათვალის ნახვა შესაძლებელია ბმულზე.
„აღნიშნული ფაქტის გათვალისწინებით, მულტინაციონალური კომპანია „დანონის“ „ნუტრიციის“ ბრენდის პროდუქტების იმპორტიორმა საქართველოში - კომპანიამ „ჯისი Georgian Info Service“ (სკ 211357850) მიიღო მყისიერი გადაწყვეტილება სარეალიზაციო ქსელიდან სურსათის კონკრეტული პარტიების ამოღების შესახებ - დაუკავშირდა დისტრიბუტორს და მიმდინარეობს საწყობის დეტალური ინვენტარიზაცია“, - ნათქვამია განცხადებაში.
პირველადი მონაცემებით, საწყობში აღნიშნული პარტიის პროდუქცია არ იძებნება. აღმოჩენის შემთხვევაში კი, შემდგომი რეაგირების მიზნით, სურსათი დაილუქება.
სურსათის ეროვნული სააგენტო პროცესზე სრულ ზედამხედველობას ახორციელებს და შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება საზოგადოებას, აღნიშნეს უწყებაში.
ცერეულიდი (cereulide) არის ტოქსინი, რომელიც წარმოიქმნება Bacillus cereus-ის ზოგიერთი შტამის მიერ და იწვევს ღებინებას, დიარეას და სისუსტეს.