თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა გარდაბანში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 38 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა მეუღლეს. 26 წლის ქალი მიღებული დაზიანებებით შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
ბრალდებული პოლიციაში თავად გამოცხადდა და ჩადენილი დანაშაული აღიარა. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.