თსუ-ს და სტუ-ს გაერთიანება: პრემიერმა გადაწყვეტილების მიზნებზე ისაუბრა

ქვეყნის განათლების სისტემა არა მხოლოდ რთულ, არამედ ურთულეს მდგომარეობაშია, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
Sputnik
თბილისი, 4 თებერვალი - Sputnik. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება განპირობებულია ტექნიკური განათლების გაძლიერებისა და შრომის ბაზრის მაღალკვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფის აუცილებლობით, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
29 იანვარს საქართველოს მთავრობამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ გამოაცხადა - გაერთიანებული სასწავლებლების სახელწოდებად „თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი" დარჩება. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ სტუდენტების და პროფესორ-მასწავლებლების საპროტესტო აქციები გამოიწვია.
„ჩვენ ვაპირებთ, რომ გაერთიანების პირობებში, ცალკე განსაკუთრებული, გამორჩეული ყურადღება დაეთმობა ტექნიკურ მიმართულებას. ჩამოყალიბდება ცალკე სკოლად, რომელსაც ექნება ავტონომიის მაღალი ხარისხი და ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ გვეყოლება ბევრად მეტი და მაღალკვალიფიციური კადრი ტექნიკური მიმართულებით, ვიდრე გვყავდა მთელი ამ წლების განმავლობაში“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ სტუდენტების ნახევარზე ნაკლები სწავლობს ტექნიკურ დისციპლინებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.
„მოხდა ის, რომ 90-იანი წლებიდან მოყოლებული, როდესაც გაჩნდა მთელი ეს პრობლემები, ტექნიკური მიმართულება საკუთარ უნივერსიტეტში იქცა ერთგვარ გერად. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა და ვიღაცას თუ ამის გამოსწორება არ უნდა, ეს არასწორია“, - განაცხადა მან.
მთავრობის მეთაურის თქმით, ტექნიკურ მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს.
„დღეს არის უზარმაზარი პრობლემები. რომ ნახოთ გამოშვება, მაგალითად, მშენებლობის, ინჟინერიის ან სხვა მიმართულებით, წელიწადში ხდება, მაგალითად, 300-400-500 სტუდენტის გამოშვება, არის ძალიან დიდი დეფიციტი. როგორც სახელმწიფო სექტორში, მშენებლობით არის სახელმწიფო, მოგეხსენებათ, დაკავებული და არის მიმართულებები, სადაც ერთი ინჟინერი არ არსებობს ქვეყანაში, ერთი ინჟინერი არ არის კონკრეტული მიმართულებებით, ისე კერძო სექტორს აქვს უზარმაზარი პრობლემები და გვეუბნებიან, რომ ეს არ უნდა გამოსწორდეს“, - აღნიშნა კობახიძემ.
უფრო მეტიც, მთავრობის მეთაურის თქმით, არც ერთი უნივერსიტეტი არ უნდა იყოს პოლიტიზებული; ეს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიდგომაა. კობახიძის თქმით, უნივერსიტეტების პოლიტიზაცია წინა ხელისუფლების დამახასიათებელი ნიშანია, როდესაც ყველა უნივერსიტეტი პოლიტიზებული იყო.
„უნივერსიტეტების პოლიტიზება ეს იყო ჩვენი წინამორბედების, წინა ხელისუფლების ხელწერა. უკლებლივ ყველა უნივერსიტეტი იყო პოლიტიზებული. ისინი შევიდნენ მათ შორის, კერძო სექტორში, დააფუძნეს საკუთარი კერძო უნივერსიტეტები“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ამისათვის კარგად ნაფიქრი რეფორმაა საჭირო.
„ყველა ვხედავთ, რომ განათლების სისტემა არის არათუ მძიმე მდგომარეობაში, სისტემა არის უმძიმეს მდგომარეობაში. ჩვენ წამოვიწყეთ რეფორმა, განვსაზღვრეთ შვიდი პრობლემა, შვიდი გამოწვევა და ამის საფუძველზე განვსაზღვრეთ შვიდი პასუხი კონკრეტულ გამოწვევებზე“, - განმარტა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, მთავრობა მზადაა დისკუსიებისა და რეფორმის განხილვისთვის და ოპონენტების არგუმენტებსაც მოუსმენს.
„ამდენი წელი გავიდა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, მანამდეც მუშაობდა განათლების სისტემა და დღემდე მაგალითად, იურიდიული მიმართულება რომ ავიღოთ, ძირითად საგნებშიც ნახევარზე მეტში არ გვაქვს ჩვენ მაღალი სტანდარტების სახელმძღვანელოები“, - განმარტა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, განათლების სისტემისა და კონკრეტული უნივერსიტეტების წინაშე მდგომი პრობლემები თვალსაჩინოა.
„ვფიქრობ, რომ ძალიან მყარია ჩვენი არგუმენტები, მეორე მხარეს არის ცარიელი, უხეში განცხადებები ყოველგვარი დეტალიზაციის და ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სამშაბათს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ განაცხადა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რეორგანიზაციის პროცესის მინიმალური ვადა, სავარაუდოდ, 6 თვეს გასტანს, თუმცა ეს პროცესი, შესაძლოა, გაგრძელდეს.
გასული წლის ოქტომბერში საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა უმაღლესი განათლების მასშტაბური რეფორმა, რომელიც, პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელს შეუწყობს ახალგაზრდების საზღვარგარეთ გადინების შემცირებას და განათლების სისტემის განვითარებას რეგიონებში. რეფორმის მთავარი მიზანია უზრუნველყოს უმაღლესი განათლების ისეთივე ხარისხი, რასაც სტუდენტები დღეს სხვა ქვეყნებში იღებენ.
როგორც მმართველ პარტიაში განაცხადეს, განათლების რეფორმა სამ-ოთხ წელიწადში დასრულდება. იმ დროისთვის სრულად ამოქმედდება ახალი კონცეფცია, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ყველა ძირითადი კომპონენტით.