თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. თბილისის მერიამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც თუ პირი ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას დადგენილი წესით არ ჩაიბარებს, ეს გადაწყვეტილება გამოქვეყნდება მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და მისი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს ჩაითვლება ჩაბარებულად, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
კალაძის თქმით, ხშირია შემთხვევა, როდესაც სამართალდამრღვევი გამოწერილ ჯარიმას მიზანმიმართულად არ იბარებს. შესაბამისად, ჭირს აღსრულებაც.
"ჩვენ მივმართეთ საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებების განსახორციელებლად. შევიმუშავეთ კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, თუ პირი ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს დადგენილი წესით, ეს გადაწყვეტილება გამოქვეყნდება მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და მისი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს ჩაითვლება ჩაბარებულად", – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, კანონპროექტს პარლამენტმა მხარი დაუჭირა და უკვე დამტკიცებულია, მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კი მიღებული იქნება კონკრეტული წესი, რომელიც დასამტკიცებლად საკრებულოს გადაეგზავნება.
როგორც კალაძემ განმარტა, აღნიშნული წესის მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გაეგზავნება საჩივრის ავტორს, საჩივარში მითითებულ მისამართზე. იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება ვერ ჩაბარდა ავტორს, ის უკვე გამოქვეყნდება ოფიციალურ ვებგვერდზე – Decisions.tbilisi.gov.ge.
"ვფიქრობთ, აღნიშნული პროცესი მაქსიმალურად შეუწყობს ხელს კანონის სრულყოფილად აღსრულებას და არაკეთილსინდისიერი დამრღვევების მიმართ იქნება პრევენციული ხასიათის მატარებელი. ჩვენ, რა თქმა უნდა, არავის დაჯარიმება არ გვიხარია, თუმცა კანონს უნდა დავემორჩილოთ. კანონდარღვევის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში და მის შესაბამისად", – განაცხადა კახა კალაძემ.