პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავა

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ორივე ბრალდებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
Sputnik
თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ორი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
დაკავებულებიდან ერთ-ერთი, 56 წლის საქართველოს მოქალაქეა, ის წარსულში უკვე იყო ნასამართლევი. მეორე კი 34 წლის ბელარუსის მოქალაქეა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
სამართალდამცველების მიერ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "ტეტრაჰიდროკანაბინოლი" და "გამომშრალი მარიხუანა".
საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ მითითებული რამდენიმე ადგილიდან, ასევე, ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი".
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260 კვარტა მუხლებით მიმდინარეობს.