ჩხრეკა ვაგონსარემონტო ქარხანაში: პროკურატურა დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის საქმეს იძიებს

3 თებერვალს სასამართლოს განჩინების საფუძველზე რამდენიმე მისამართზე ჩატარდა ჩხრეკა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები.
Sputnik
თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტმა დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქმე ეხება სს "ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის" პასუხისმგებელ პირებს.
საგამოძიებო უწყების ცნობით, საქმეს საფუძვლად თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურიდან შემოსული წერილი და შემოწმების მასალები დაედო.
უწყების ინფორმაციით, გუშინ, 3 თებერვალს სასამართლოს განჩინების საფუძველზე რამდენიმე მისამართზე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები - ჩხრეკები.
გამოძიება სსკ-ის 182-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისება-გაფლანგვას გულისხმობს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. პროკურატურას ჯერჯერობით არ დაუკონკრეტებია მითვისებული თანხის ზუსტი ოდენობა და არც საქმეში ბრალდებული პირები.
სააქციო საზოგადოება ‘’ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალი’’ შეიქმნა 1996 წელს. სააქციო საზოგადოება უზრუნველყოფს მეტროს ვაგონების კაპიტალურ შეკეთებას და მოდერნიზაციას მეტროპოლიტენისათვის.