თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა 2025 წელს სურსათის უვნებლობის მიმართულებით სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორებთან 40 ათასამდე სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სახელმწიფო კონტროლის შედეგად (ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება, მონიტორინგი და ზედამხედველობა) გამოვლინდა 4050-მდე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.
ბიზნესოპერატორები ყველაზე ხშირად დაჯარიმდნენ შემდეგი დარღვევების გამო:
საქმიანობა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული აღიარების გარეშე;
სურსათის ეტიკეტირების წესის დარღვევა;
სურსათის მიკვლევადობის დარღვევა;
ვადაგასული სურსათით რეალიზაციის ფაქტები.
სახელმწიფო კონტროლის პარალელურად, სააგენტოს ინსპექტორები მუდმივად გასცემენ რეკომენდაციებს და ბიზნესოპერატორებს სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს აცნობენ.
„აღნიშნული დარღვევების პრევენცია შესაძლებელია. დარღვევების შემცირება ხელს შეუწყობს თავად ბიზნესის განვითარებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაიცავს მომხმარებელთა უფლებებსა და ჯანმრთელობას“, - ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია განაახლონ შესაბამისი ვადების დაცვით, ასევე იმ ბიზნესოპერატორებმა, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებასა ან/და გადამუშავებასთან, დროულად მიმართონ სააგენტოს აღიარების მოთხოვნით; ყურადღება მიაქციონ პროდუქციის ვადებს, არ გამოიყენონ ვადაგასული პროდუქცია სურსათის მომზადებისას და აღკვეთონ მათი რეალიზაცია; უზრუნველყონ სურსათის მიკვლევადობა და დაიცვან ეტიკეტირების მოთხოვნები.