თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისია მუშაობას მიმდინარე კვირაში დაიწყებს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.
სურსათზე, მედიკამენტებსა და საწვავზე გაზრდილი ფასების საკითხი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით შექმნილმა სამთავრობო კომისიამ ორი კვირის განმავლობაში შეისწავლა. დღეიდან საკითხის განხილვამ საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლა.
„სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნის შესახებ“ დადგენილების პროექტი პლენარულ სხდომას წარედგინება და დღის წესრიგში შევა", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმი, ყველა პროცედურის გავლის შემდეგ ხუთშაბათს, 5 თებერვალს კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართება.
კომისია 14 ადამიანისგან შედგება, რომელთაგან შვიდი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“, სამ-სამი ფრაქციების „ხალხის ძალა“ და „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები, ხოლო ერთი „ევროსოციალისტების" წარმომადგენელი იქნება.
დროებით საპარლამენტო კომისიას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს.
ბერეკაშვილის თქმით, კომისია შეხვედრებს გამართავს სექტორის წამყვან კომპანიებთან, მწარმოებლებთან, იმპორტიორებთან, დისტრიბუტორებთან და საცალო ქსელების ოპერატორებთან.
„გვინდა, გავერკვეთ რა პროცესები იწვევს ძალიან მაღალ ფასნამატს. თეორიული თვალსაზრისით, შესაძლებელია განპირობებული იყოს მაღალი საოპერაციო ხარჯებით, კაპიტალის სიძვირით, ასევე ზებუნებრივად მაღალი მოგების მარჟებით", - განაცხადა დეპუტატმა.
მისი თქმით, თითოეულ შემთხვევაში არსებობს კონკრეტული მექანიზმები, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია კონკრეტული პროცესების ოპტიმიზაცია და კონკურენციის შესაძლო გაუმჯობესება, რაც გავლენას მოახდენს ფასების კონკურენციასა და სტაბილურობაზე.
„ჩვენი მიზანია, გავერკვეთ ბიზნესს პროცესებში. კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში პირველადი მომხმარების საგნებზე და საკვებ პროდუქტებზე ფასნამატი მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე ჩვენს მსგავს ქვეყნებში", - განაცხადა ბერეკაშვილმა.
მისი თქმით, ფასების შემცირება მხოლოდ სწორი ანალიზითა და ბიზნესთან მიდგომით არის შესაძლებელი.
პარლამენტისა და სამთავრობო კომისიების მუშაობის საფუძველზე აპრილის ბოლოს მომზადდება ანგარიში, რომელიც, მთავრობის აზრით, გავლენას მოახდენს საქართველოში ფასების შემცირებაზე.
კომისიების პარალელურად, ფასების საკითხს ცალკე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სწავლობს. სუსმა რამდენიმე კომპანიიდან დოკუმენტების ასლები ამოიღო.
ფასების საკითხი საქართველოში აქტუალური თემა გახდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, რომელიც ეხებოდა სურსათის, მედიკამენტებისა და საწვავის შესაძლო ხელოვნურად გაბერილ ფასებს.