თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით 8 სპორტსმენი სპორტის 2 სახეობაში – ფიგურული ციგურაობასა და სამთო თხილამურობაში იასპარეზებს, ნათქვამია ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში.
ოლიმპიური თამაშები 6-დან 22 თებერვლამდე იტალიის ქალაქებში, მილანსა და კორტინა დ’ამპეცოში ჩატარდება.
ოლიმპიადის გახსნის ცერემონია 6 თებერვალს მილანის „სან-სიროს“ ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება, სადაც საქართველოს მედროშეები მოციგურავეები – ლუკა ბერულავა და დიანა დევისი იქნებიან, კორტინაში კი – მოთხილამურეები, ლუკა ბუჩუკური და ნინო წიკლაური.
ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი ლერი ხაბელოვი უხელმძღვანელებს, ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი იქნება ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი, სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი მარიამ გიორგობიანი.
საქართელოს ნაკრების შემადგენლობა:
ლუკა ბერულავა – ფიგურული ციგურაობა;
ანასტასია მეტელკინა – ფიგურული ციგურაობა;
ნიკა ეგაძე – ფიგურული ციგურაობა;
ანასტასია გუბანოვა – ფიგურული ციგურაობა;
დიანა დევისი – ფიგურული ციგურაობა;
გლებ სმოლკინი – ფიგურული ციგურაობა;
ნინო წიკლაური – სამთო-სათხილამურო სპორტი;
ლუკა ბუჩუკური – სამთო-სათხილამურო სპორტი.
2022 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო სამ დისციპლინაში ცხრა სპორტსმენით იყო წარმოდგენილი:სამთო-სათხილამურო სპორტი, ციგურაობა და ფიგურული სრიალი. გახსნის ცერემონიაზე საქართველოს ნაკრების მედროშე სამთო მოთხილამურე ნინო წიკლაური და მოციგურავე მორის ყვითელაშვილი იყვნენ.