თბილისი, 31 იანვარი - Sputnik. რუსეთი მკაცრად გმობს აშშ-ის ახალ შემზღუდავ ზომებს კუბის წინააღმდეგ და ვაშინგტონის მიერ გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას ზეწოლის პოლიტიკის კიდევ ერთ ეტაპად მიიჩნევს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ.
„ამ შემთხვევაში, ჩვენ ვსაუბრობთ ვაშინგტონის მიერ თავისუფლების კუნძულზე მაქსიმალური ზეწოლის არაერთხელ გამოყენებული სტრატეგიის კიდევ ერთ და ძალიან რადიკალურ რეციდივზე, რომელიც მისი ეკონომიკური მოგუდვისკენ არის მიმართული“, - განაცხადა ზახაროვამ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის პოზიცია უცვლელი რჩება: მოსკოვი კატეგორიულად უარყოფს სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოების წინააღმდეგ ცალმხრივ სანქციებს, განსაკუთრებით თუ ასეთი გადაწყვეტილებები მიიღება გაეროს მექანიზმებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევით.
„ჩვენ მკაცრად ვგმობთ ჰავანას წინააღმდეგ არალეგიტიმურ შემზღუდველ ზომებს და კუბის ხელმძღვანელობასა და ამ ქვეყნის მოქალაქეებზე ზეწოლას“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
რუსეთისა და კუბის თანამშრომლობის კომენტირებისას, ზახაროვამ აღნიშნა, რომ ის არასდროს ყოფილა მიმართული მესამე ქვეყნების წინააღმდეგ და შემდგომშიც თანმიმდევრულად განვითარდება ორივე მხარის ინტერესებიდან გამომდინარე.
ეს განცხადება აშშ-ის ხელისუფლების ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებების პასუხია. 29 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ითვალისწინებს საიმპორტო ტარიფების დაწესებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც კუბას ნავთობს აწვდიან. ხოლო 30 იანვარს ამერიკის ლიდერმა აშშ-ში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ჰავანიდან ეროვნული უსაფრთხოებისთვის სავარაუდო „საფრთხის“ მოტივით.