თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. სამართალდამცველებმა მარნეულში დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრალდებულები, რომელთა ასაკი 22-დან 29 წლამდეა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე სხვადასხვა დროს მომხდარ თაღლითობის ფაქტზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მარნეულსა და თბილისში მდებარე სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში სხვადასხვა დროს მოტყუებით ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას თაღლითურად ეუფლებოდნენ.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის მიყენებულმა ზარალმა 50 ათას ლარამდე შეადგინა. სამართალდამცველებმა ყალბი ოქროს ნაკეთობები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.