ქუთაისში მამაკაცმა იმერეთის პოლიციის შენობას თოფი ესროლა

სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით 31 წლის მამაკაცი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში, არაყიშვილის ქუჩაზე მდებარე იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმართულებით გლუვლულიანი სანადირო თოფიდან გაისროლა, რის შედეგადაც დაზიანდა შენობის ფასადი და კარი.
სამართალდამცველებმა მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.