თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. სამართალდამცველებმა კახეთში პოლიციის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი წინააღმდეგობისა და ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
25, 32 და 36 წლის მამაკაცებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 8-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 იანვარს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სამართალდამცველებმა პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, გადამოწმების მიზნით სამი პირი შეაჩერეს, რა დროსაც ბრალდებულებმა პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს და როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
აღნიშნული ძალადობრივი ქმედების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხმა თანამშრომელმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.
საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა სამივე პირი ბრალდებულის სახით, შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს.