თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. დედაქალაქში თოვლისგან გზების გაწმენდა გრძელდება, შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ცენტრალურ ქუჩებთან ერთად, იწმინდება შიდა გზები, მიწისქვეშა გადასასვლელების ჩასასვლელები, საერთო სარგებლობის კიბეები, მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებები. სპეცტექნიკის პარალელურად, ცოცხალი ძალის საშულებითაც იყრება ტექნიკური მარილი.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილეებთან – ირაკლი ბენდელიანსა და კახა აბულაძესთან ერთად, კოჯორში იმყოფებოდა, სადაც ტექნიკური მარილის დატვირვისა და შემდეგ გზების გაწმენდის პროცესს გაეცნო.
„მობილიზებულია მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური, "თბილსერვისი", ათივე რაიონის გამგეობა, კონტრაქტორი კომპანიები/ მობილიზებულია 100-ზე მეტი ერთეული ტექნიკა. ქალაქში ყველა ცენტრალური ქუჩა, გამზირი, მეორეხარისხოვანი გზები, სრულად გაწმენდილია. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უპრობლემოდ, შეფერხების გარეშე გადაადგილდება. მთელი დღის განმავლობაში მოსალოდნელია უხვი ნალექი. ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გზებზე შეფერხება არ იყოს", - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, „თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში უწყვეტად მუშაობენ.
უსაფრთხოებიდან გამომდინარე, კალაძე ავტომანქანების მძღოლებს მოუწოდებს, იმოძრაონ ზამთრის საბურავებით.
უწყების ცნობით, თოვლიანობის გამო საავტომობილო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, მოსახლეობას შეუძლის დარეკოს „თბილსერვის ჯგუფის" ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22.
თბილისსა და მის შემოგარენში მესამე დღეა გადაუღებლად თოვს. სინოპტიკოსების პროგნოზით, დედაქალაქში თოვლიანი ამინდი 20 იანვრამდე შენარჩუნდება.