გერმანიის ელჩის შეხვედრა ოპოზიციასთან: განიხილებოდა თუ არა ირანული პროტესტის სცენარი?

რატომ იყო დიპლომატთან შეხვედრა დახურული და მისი დეტალები არ გახმაურებულა, ასეთი კითხვები საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს გაუჩნდა
Sputnik
თბილისი, 17 იანვარი - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ საქართველოში გერმანიის ელჩს, პიტერ ფიშერს, ოპოზიციონერ ახალგაზრდა აქტივისტებთან შეხვედრასთან და კონკრეტულად შეხვედრაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით განმარტებებს სთხოვს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.
პროსამთავრობო ტელეარხ „იმედის“ ცნობით, გერმანიის ელჩი 15 იანვარს საპროტესტო აქციებში მონაწილე რამდენიმე აქტივისტს შეხვდა. მედიის ცნობით, შეხვედრაზე საპროტესტო აქციების დაფინანსება და სამომავლო სტრატეგია განიხილეს. ტელევიზიის ცნობით, ასევე საუბარი იყო ირანის სცენარზე, სადაც უკვე რამდენიმე კვირაა ოპოზიციის საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
„ჩვენ გერმანიის ელჩისგან განმარტებებს ველოდებით, თუ რას ნიშნავს პოლიტიკაში ჩართული, მათ შორის ექსტრემისტული ჯგუფების წარმომადგენლებთან ასეთი შეხვედრა; და მეორე, რეალურია თუ არა ის ინფორმაცია, რაც ამ შეხვედრის მონაწილეებმა გაავრცელეს, როგორც ინსტრუქცია იმ ხალხისათვის, რომლებიც ჩართული არიან ამ საპროტესტო აქციებში“, - განაცხადა ვოლსკიმ.
პოლიტიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლებისთვის არახალია, რომ ოპოზიცია სხვადასხვა სამოქმედო სცენარს განიხილავს, მათ შორის ირანულ სცენარს.
„თვითონ ეს საკითხი, რომ ირანის, ნეპალის პროცესები, ასეთი ბრუტალური დაპირისპირება დღის წესრიგშია და ეს ოპოზიციად წოდებულ რევკომში განიხილება, ეს ახალი არ არის“, - განაცხადა ვოლსკიმ.
ამასთან ვოლსკიმ განაცხადა, რომ ელჩმა უნდა განმარტოს. რატომ იყო შეხვედრა დახურული და მისი დეტალები არ გასაჯაროვდა.
თავის მხრივ, პეტერ ფიშერი საქართველოს ხელისუფლების პრეტენზიებს გამოეხმაურა.
„15 იანვარს გერმანიის საელჩოში შევხვდი „საქართველოს ახალგაზრდულ გაერთიანებას“ და ფოტო გამოვაქვეყნე. დღეს, „იმედი“ და „რუსთავი 2“ აცხადებენ, რომ შეხვედრა „ფარული“ იყო და „ირანის რადიკალური სცენარის“ წახალისება მოხდა. ეს სრული სიცრუეა. მსგავსი არაფრის განხილვა მომხდარა“, - დაწერა ფიშერმა.
ელჩმა ტელეარხების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „აგრესიული დეზინფორმაცია“ უწოდა.
„გერმანიის სახელით ამ აგრესიულ დეზინფორმაციას უარვყოფ. ჩვენ ვისაუბრეთ ახალგაზრდების შეშფოთებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ევროკავშირისკენ გზა დაბლოკილია. ვისაუბრეთ ახალგაზრდების შეშფოთებაზე განათლების რეფორმის, ღრმად პოლარიზებული გარემოს შესახებ, სადაც განსხვავებულ აზრს ღალატად აცხადებენ, რეალურად კი ეს დემოკრატიის არსს წარმოადგენს. კარგი მომავლისთვის ყველა ახალგაზრდა გვჭირდება“, - დაწერა ფიშერმა.
გერმანიის ელჩი უკვე არაერთხელ გამხდარა ქართული ხელისუფლების კრიტიკის ობიექტი. დეკემბერში გერმანიის ელჩმა უარი თქვა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე. ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტს დიპლომატმა განუცხადა, რომ არ იყო ვალდებული ეპასუხა ასეთ კითხვებზე, უწოდა მათ პროპაგანდისტული მედია და ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ აპირებდა მონაწილეობა მიეღო ქართულ „პროპაგანდისტულ მანქანაში“. „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მაშინ მის საქციელს მიუღებელი უწოდეს და განაცხადეს, რომ ის „ნაცმოძრაობის პარტაქტივის“ წევრია.
მანამდე, 19 ოქტომბერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის დაიბარა, ხოლო პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს კითხვებით მიმართა. ამას წინ უძღოდა ფიშერის დაბარება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მას განემარტა, რომ ვენის კონვენციის თანახმად, დიპლომატიური მისიის თანამშრომელი ვალდებულია პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს, ამასთან, აქვს ვალდებულება, არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში.
საქართველოს ხელისუფლებამ, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, არაერთხელ დაადანაშაულა გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ქვეყანაში რევოლუციური პროცესების მხარდაჭერასა და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში. ამ ფონზე ფიშერს ყოველთვის მხარს უჭერდა გერმანიის მთავრობა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა.
საქართველო და გერმანია
ჯერ კიდევ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, გერმანიის ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას „საქართველოს ევროპული მომავლისთვის“. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების პირობებში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში შემდგომი პროგრესი ვერ იქნება.
გერმანიის მმართველი პარტიების დეპუტატებმა ასევე მოითხოვეს სექსუალური უმცირესობების უფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმება, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის შემდგომი პროგრესისთვის აუცილებელ პირობად მიიჩნიეს.
2024 წლის დეკემბრის დასაწყისში გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრომ ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის დაწყება გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ბერლინი არ განახორციელებდა ახალ პროექტებს და არ დადებდა სასესხო ხელშეკრულებებს საქართველოსთან.
გასული წლის დეკემბრის ბოლოს საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევისა და პროევროპული პროტესტის ჩახშობის საპასუხოდ გერმანიამ საქართველოსთან 237 მლნ ევროს ღირებულების პროექტები შეაჩერა.
2024 წლის 31 დეკემბერს კი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოს ცხრა მოქალაქეს, რომლებიც „პასუხისმგებელი არიან საქართველოში მომიტინგეებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ძალადობაზე", ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
გარდა ამისა, 2025 წლის თებერვალში გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა.
2025 წლის მარტში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დამატებითი აკრძალვები დააწესა იმ ქართველი ოფიციალური პირების ქვეყანაში შესვლაზე, რომლებიც საპროტესტო აქციების „ჩახშობაზე არიან პასუხისმგებლები".