თბილისი, 17 იანვარი - Sputnik. შპს დაცვის კომპანია "ალგანი" უარყოფს კომპანიის კავშირს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღწერილ უკანონო ქმედებებთან.
დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რუსთავში მდებარე დაცვის კომპანია „ალგანის" ოფისში სხვადასხვა ბრენდული დასახელების სასმელებს ამზადებდნენ.
"აღნიშნულ მისამართზე განხორციელებული ქმედებები კომპანიის საქმიანობას არ უკავშირდება და ხორციელდებოდა დამოუკიდებლად, კომპანიის თანამშრომლის მიერ", - ნათქვამია ინფორმაციაში.
საგამოძიებო სამსახურმა დღეს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი ფალსიფიცირებული საქონლის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები რუსთავში, მესხიშვილის ქ. №6-ში მდებარე შპს "დაცვის კომპანია ალგანის" ოფისში ამზადებდნენ სხვადასხვა ბრენდული დასახელების არყებს, ასევე ბეჭდავდნენ ყალბ აქციზურ მარკებს, რომლითაც აღნიშნულ ალკოჰოლურ სასმელებს ეტიკეტირებას უკეთებდნენ. დამზადებული ფალსიფიცირებული პროდუქცია ქვემო ქართლის ტერიტორიაზე არსებულ სარეალიზაციო პუნქტებსა და კვების ობიექტებში იყიდებოდა.
ოფისის, მის მიმდებარედ გაჩერებული ავტომანქანისა და სავაჭრო ობიექტების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია სხვადასხვა ბრენდული დასახელების, მათ შორის – Stolichnaya, Nemiroff, Black Sea, Finlandia, Talka, Koskenkorva Vodka, Parliament და Gray Goose – საერთო ჯამში, 204 ბოთლი ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელი.
ასევე ამოღებულია ჩამოსასხმელად გამზადებული 402 ცალი ცარიელი ბოთლი, ალკოჰოლის ჩამოსხმისა და დამზადებისთვის საჭირო მასალები, 1 053 ცალი ყალბი აქციზური მარკა, აგრეთვე კომპიუტერული ტექნიკა, რომელშიც ელექტრონულად იყო განთავსებული ყალბი აქციზური მარკების ფაილები.