საქართველოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები კატარის ელჩს შეხვდნენ

შეხვედრებზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს.
Sputnik
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა კატარის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ალი იუსუფ აბდულრაჰმან ალ-მულასთან გაცნობითი შეხვედრა გამართეს.
თავდაცვის მინისტრმა მას საქართველოში ელჩის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა. ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია კატარის სახელმწიფოსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო კატარის სახელმწიფოს ვიცე-პრემიერის მიწვევით ირაკლი ჩიქოვანის დოჰაში ვიზიტისა და კოლეგასთან შეხვედრის საკითხებს.
კატარის ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა მაკა ბოჭოროშვილმაც. საგარეო უწყების ხელმძღვანელთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხებსა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებს. გამოითქვა თანამშრომლობის შემდგომი გააქტიურების მზაობა და ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას.
გარდა ამისა, აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს თბილისში გაიმართება პოლიტიკური კონსულტაციები ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სამომავლო თანამშრომლობის დღის წესრიგის განსაზღვრაში.
საქართველომ და კატარმა დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წელს დაამყარეს. 2012 წლის ნოემბერში კატარში გაიხსნა საქართველოს საელჩო, ხოლო 2013 წლის აგვისტოში საქართველოში – კატარის დიპლომატიური წარმომადგენლობა.