მსოფლიო დღეს

აშშ 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემას შეაჩერებს

გადაწყვეტილება 21 იანვარს ამოქმედდება და განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდება
Sputnik
თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა 75 ქვეყნის, მათ შორის რუსეთის და საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერება, იუწყება ტელეარხი Fox News.
ტელეარხის ცნობით, გადაწყვეტილება საემიგრაციო ვიზების გაცემის შეჩერების თაობაზე 21 იანვარს ამოქმედდება და განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდება, სანამ სახელმწიფო დეპარტამენტი ვიზების დამუშავების პროცედურების ხელახალ შეფასებას არ განახორციელებს.
„ამ 75 ქვეყნიდან მიგრაცია დროებით შეჩერდება, სანამ სახელმწიფო დეპარტამენტი გადახედავს საიმიგრაციო პროცედურებს იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლის აღსაკვეთად, რომლებიც სოციალურ დახმარებასა და სახელმწიფო შეღავათებს გამოიყენებენ", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
მითითება ავალებს საკონსულო ოფიცრებს, უარი უთხრან ვიზაზე იმ აპლიკანტებს, რომლებიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო შეღავათებზე იქნებიან დამოკიდებული. გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული იქნება ფაქტორთა დიდი სპექტრი, მათ შორის: ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი, ინგლისური ენის ცოდნის დონე, ფინანსები და გრძელვადიანი სამედიცინო მომსახურების პოტენციური საჭიროებაც კი.
გადაწყვეტილება შეეხება რუსეთის, სომალის, ავღანეთის, ირანის, ერაყის, ეგვიპტის, ნიგერიის, ტაილანდის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებს. სახელმწიფო დეპარტამენტმა ვიზების გაცემის დროებით შეჩერების ბრძანება გასცა, სანამ უწყება აფასებს სკრინინგისა და შემოწმების პროცედურებს.