სპიკერი: მოლდოვა ევროპისკენ სუვერენიტეტის დაკარგვით, საქართველო დამოუკიდებელი გზით მიდის

სანდუმ The Rest Is Politics-ის პოდკასტში განაცხადა, რომ რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაში, ის მოლდოვას რუმინეთთან შეერთებას მისცემდა ხმას
Sputnik
თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ ევროპისკენ გზა სუვერენიტეტის დაკარგვის გზით აირჩია, მაშინ როცა საქართველო ევროპული გზისკენ დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსით მიდის, დაწერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
მანამდე სანდუმ ბრიტანულ The Rest Is Politics-ის პოდკასტში განაცხადა, რომ რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაში, ის მოლდოვას რუმინეთთან შეერთებას მისცემდა ხმას, რის მიზეზად დაასახელა რთული საერთაშორისო ვითარება და ის სირთულეები, რომლებსაც რესპუბლიკა, როგორც სუვერენული სახელმწიფო, აწყდება.
„როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ აპირებს ხმის მიცემას, იქ ყველაფერი ნათელია. ჩვენთვის კი საკითხი მარტივია - საქართველოს ევროპული გზა დამოუკიდებელი სახელმწიფოს გზაა", - დაწერა პაპუაშვილმა.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, მოლდოვასთან შესაძლო ჩამორჩენის მიუხედავად, საქართველოს ათასწლეულების ისტორია აქვს, რომელიც აჩვენებს, რომ ეროვნული იდენტობის რწმენით, პატარა სახელმწიფოსაც კი შეუძლია სირთულეების გადალახვა და სუვერენიტეტის შენარჩუნება.
პაპუაშვილის თქმით, სანდუს განცხადება მიანიშნებს მოლდოვას პრეზიდენტის სკეპტიციზმს ევროკავშირში დამოუკიდებლად გაწევრიანებასთან დაკავშირებით და და თვალი გდრ-ის სცენარისკენ გაურბის - როდესაც გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან მიერთების დღესვე ევროკავშირის შემადგენლობაში შევიდა.
„რა უნდა ითქვას. ესეც გზაა - სუვერენიტეტის დაკარგვით ევროპისკენ. დარწმუნებული ვარ, ჩვენს შინნაზარდ „ჰიპერევროპელებსაც“ ექნებათ ერთი-ორი ქვეყანა შეთვალიერებული, რომელსაც უმალ გადააბარებდნენ საქართველოს სუვერენიტეტს", - განაცხადა პარლამენტის სპიკერმა.
პოლიტიკოსმა ასევე გაიხსენა, რომ 4 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის დროს, მაია სანდუმ საჯაროდ გამოხატა მხარდაჭერა მთავრობის დამხობის მცდელობაში მონაწილე ძალადობრივი დაჯგუფებების მიმართ.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი რიგითი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება ამ პირობებს არარეალურს უწოდებს და დარწმუნებულია, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.