მაჭარაშვილი: „ნაცმოძრაობას“ აღსასრულის პერიოდი უდგას

დეპუტატის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირებაა და პარტიას მხარდამჭერებიც აღარ ჰყავს.
Sputnik
თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. ოპოზიციურ პარტია „ნაცმოძრაობას“ აღსასრულის პერიოდი უდგას, ვინ გახდება ამ ჩაძირული გემის კაპიტანი დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ასე გამოეხმაურა პარლამენტის დეპუტატი, პარტია „ხალხის ძალის" წევრი გურამ მაჭარაშვილი ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ყოფილ მმართველ პარტიაში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით
ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ სერიოზული განხეთქილებაა და პარტიის თავმჯდომარე, სავარაუდოდ, მალე შეიცვლება. როგორც ამბობენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელმა მიხეილ სააკაშვილმა თინა ბოკუჩავას შეცვლა გადაწყვიტა. ახალი თავმჯდომარე, სავარაუდოდ, ლევან სანიკიძე გახდება.
მაჭარაშვილის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირებაა და პარტიას მხარდამჭერებიც აღარ ჰყავს.
„ძალიან კარგად ვიცით, რა პროცესები მიდის „ნაცმოძრაობაში“. სამართლებრივი თვალსაზრისით, აღსასრულის პროცესი უდგათ. არა მარტო სამართლებრივი, პრაქტიკულადაც უკვე მათ მხარდაჭერები აღარ ჰყავთ“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
რაც შეეხება ოპოზიციას - თუ რა რესურსი აქვთ, მათ შორის, გაერთიანების კუთხით, დეპუტატის თქმით, „ეს ადამიანები თავად საუბრობენ, რომ მათი პოლიტიკური მოღვაწეობა დამთავრდა“.
„რა რესურსზე ვსაუბრობთ?! თვითონ აფასებენ თავიანთ თავს, რომ არიან ურესურსო, ურეიტინგო და წყალწაღებულები. წაქცეულ ადამიანებს ფეხს აღარ ურტყამენ და ამიტომ აღარ ვსაუბრობ მათზე ბევრს. თავად ამბობენ, რომ დამთავრდა მათი პოლიტიკური მოღვაწეობა. დევიზი - „რაც უარესი საქართველოსთვის, მით უკეთესი „ნაცმოძრაობისთვის“ ჯერ კიდევ არსებობს და სწორედ აქედან გამომდინარეობს მათი ნულოვანი რეიტინგი დღეს საქართველოში“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირებაა და პარტიის თავმჯდომარის პოსტზე თინა ბოკუჩავას ლევან სანიკიძე ჩაანაცვლებს, სიმართლეს არ შეესაბამება.
2024 წლამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში სიდიდით მეორე პარტია იყო. სამ საპარლამენტო არჩევნებში მარცხის მიუხედავად, პარტიამ შეინარჩუნა რესურსები და ელექტორატი.
ამ ხნის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასულმა პოლიტიკოსებმა საკუთარი პოლიტიკური ძალები შექმნეს, მაგრამ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ მათ სერიოზულ ოპონენტებად არ თვლის და „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას" უწოდებს. ამჟამად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ასევე „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ლელო - ძლიერი საქართველო“ სრული ლიკვიდაციის საფრთხის წინაშე დგანან. 2025 წლის 4 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ განხილვაში მიიღო სამი ძირითადი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და შემდგომ მათი გაუქმების შესახებ პარ­ლა­მენ­ტის 88 წევ­რის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სარ­ჩე­ლი - სარჩელი ეხება სამ პარტიას: „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", „კოალიცია ცვლლებებისთვის" და „ლელო - ძლიერი საქართველოს".