ახალი დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო

ახალი თაობის დოკუმენტების უსაფრთხოება კიდევ უფრო გაძლიერებულია თანამედროვე დამცავი ნიშნებით და სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, მათი დიზაინი კი ეროვნული თემატიკის სიმბოლოებით არის დატვირთული.
Sputnik
თბილისი, 12 იანვარი - Sputnik. იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახალი თაობის განახლებული დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო.
საქართველოში ახალი ფორმის პირადობის მოწმობისა და პასპორტის გაცემა 2025 წლის 4 ივნისიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა, ეს ვადა ჯერ 1-ელ აგვისტომდე გადაწიეს, მოგვიანებით კი 6 ოქტომბრამდე. ამასთან, ძველი ფორმის დოკუმენტების გაცემის ვადა გახანგრძლივდა 2026 წლის იანვრამდე.
სააგენტოს ინფორმაციით, დოკუმენტის საფასური იგივე რჩება, ვადიანი დოკუმენტების მფლობელები კი ვალდებული არ არიან შეცვალონ ისინი ახლით.
როგორც სააგენტოში განმარტეს, ახალი თაობის დოკუმენტების უსაფრთხოება კიდევ უფრო გაძლიერებულია თანამედროვე დამცავი ნიშნებით და სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, მათი დიზაინი კი ეროვნული თემატიკის სიმბოლოებით არის დატვირთული.
განახლებული პირადობის ელექტრონული მოწმობა შეიცავს მფლობელის თითის ანაბეჭდებს. მასზე ასევე განთავსებულია QR კოდი, რომლის დასკანერებისას შესაძლებელია დამატებითი ინფორმაციის მიღება: დოკუმენტის ნომრისა და სტატუსის, პირის რეგისტრაციის მისამართის, ასევე, დოკუმენტის მფლობელის მოთხოვნით - სტუდენტის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.
დაინტერესებულ პირებს დოკუმენტებზე განაცხადის გაკეთება შეუძლიათ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილურ იუსტიციის სახლებში. ასევე, დისტანციურად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდის მეშვეობით.
პირადობის მოწმობის ღირებულება 60-დან 150 ლარამდეა, დამზადების დროიდან გამომდინარე. პასპორტის ღირებულება 150-დან 350 ლარამდეა.