სამთავრობო ქალაქი თბილისში: გენგეგმის მომზადებისთვის კონკურსი გამოცხადდა

დღეისთვის სამინისტროების უმეტესობა, პარლამენტის და მთავრობის კანცელარიის შენობები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს.
Sputnik
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თბილისში, არსენალის მთაზე სამთავრობო ქალაქის გენერალური გეგმისა და ესკიზური პროექტების შემუშავებაზე კონკურსი გამოაცხადა.
ხელისუფლების გეგმების შესახებ, რომელიც სამთავრობო შენობების - პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის, თბილისის მერიისა და რამდენიმე სამინისტროს - თბილისის წყალსაცავის მახლობლად, გედევანიშვილის ქუჩის მიმდებარედ გადატანას გულისხმობს, დეკემბერში გახდა ცნობილი.
„სამთავრობო ქალაქის პროექტის მიზანია სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა, თანამედროვე, ერთიანი სივრცის შექმნა, უწყებათაშორისი კოორდინაციის გაძლიერება და ოპტიმიზაცია, ასევე სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეუფერხებლად ჩატარება", - ნათქვამია ფონდის განცხადებაში.
გენერალური გეგმა უნდა მოიცავდეს ტერიტორიის ფუნქციურ გადანაწილებას, სატრანსპორტო და საინჟინრო ინფრასტრუქტურის უსაფრთხო და რაციონალურ განვითარებას, ქალაქის არსებულ ქსელთან სრულფასოვან ინტეგრაციას, ასევე ლანდშაფტური დაგეგმარებისა და კეთილმოწყობის საკითხებს.
პროექტის ფარგლებში უნდა განისაზღვროს უმაღლესი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების განთავსების ზონები, სახელმწიფო მმართველობის ცენტრალური და დარგობრივი უწყებების საოფისე და ღია და დახურული ღონისძიებების სივრცეები.
ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს მიწისქვეშა და მიწისზედა სატრანსპორტო, საპარკინგე, სარეკრეაციო და გამწვანების ზონები, ტექნიკური აღჭურვილობისა და საინჟინრო კომუნიკაციების დამხმარე ინფრასტრუქტურა.
წინასაპროექტო კვლევები მოიცავს ტერიტორიის სრულფასოვან შესწავლას, არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის შეფასებას, ტოპოგეოდეზიურ და გეოლოგიურ კვლევებს, ასევე საინჟინრო კომუნიკაციების ანალიზს.
მთავრობა თავდაპირველად სამთავრობო ქალაქის მშენებლობას ორთაჭალაში გეგმავდა, თუმცა, პროექტის მისამართმა არსენალის მთაზე, კუკიას ძმათა სასაფლაოს მომიჯნავე ტერიტორიაზე გადაინაცვლა, სადაც მთავრობას 77 ჰექტარის მიწის ნაკვეთი ეკუთვნის და ეს ტერიტორია თბილისის ფარგლებში ერთ-ერთი უმსხვილესი ზონაა, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაშია.
რა იქნება სამთავრობო ქალაქში
მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ბაზრის მოკვლევის თანახმად, პროექტის ფარგლებში სულ 282,750 კვადრატული მეტრის ახალი საოფისე და ადმინისტრაციული ნაგებობები უნდა აშენდეს.
მათ შორის უნდა მოეწყოს ღონისძიებების გასამართი არანაკლებ 10 ათასი კვადრატული მეტრის მისაღები სივრცეც. ზემოთაღნიშნულ ტერიტორიაზე დაგეგმილია შემდეგი შენობების განთავსება:
პარლამენტის შენობა, ფართით არანაკლებ 31,350 კვადრატული მეტრი;
მთავრობის ადმინისტრაციის შენობა, ფართით არანაკლებ 7,000 კვადრატული მეტრი;
ღონისძიებების დარბაზი, ფართით არანაკლებ 10,000 კვადრატული მეტრი;
საგარეო საქმეთა სამინისტრო, ფართით არანაკლებ 7,500 კვადრატული მეტრი;
ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ფართით არანაკლებ 20,700 კვადრატული მეტრი;
რეგიონული განვითარების სამინისტრო, ფართით არანაკლებ 3,200 კვადრატული მეტრი;
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ფართით არანაკლებ კვადრატული მეტრი;
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ფართით არანაკლებ კვადრატული მეტრი;
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ფართით არანაკლებ კვადრატული მეტრი;
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ფართით არანაკლებ 7,600 კვადრატული მეტრი;
კულტურის სამინისტრო, ფართით არანაკლებ 3,600 კვადრატული მეტრი;
თბილისის მერია, ფართით არანაკლებ 59,900 კვადრატული მეტრი;
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, ფართით არანაკლებ 7,000 კვადრატული მეტრი;
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ფართით არანაკლებ 1,800 კვადრატული მეტრი.
არქიტექტურული კომპანიებისგან ბაზრის მოკვლევაზე შესაბამისი პასუხის მიღების შემდეგ მთავრობამ პროექტის დასაწყებად, შესაძლოა, განაშენიანების რეგულირების გეგმა მუნიციპალიტეტს შეუთანხმოს, შესაბამისი ნებართვის მიღების შემდეგ კი მისი განხორციელება დაიწყოს.