თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. მსოფლიო ახალგაზრდული ფესტივალის დირექტორატის პროექტების მონაწილეებმა და ქართველმა მოსწავლეებმა, რომლებმაც პირველად მიიღეს მონაწილეობა საერთაშორისო პროექტ „მეხსიერების მატარებელში“ 2025 წლის ზაფხულში, ახალი წელი მიულოცეს 95 წლის ალა ბალანს, ერთადერთ ლენინგრადელს საქართველოში, რომელმაც ბლოკადა გამოიარა.
სტუმრებმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი მოინახულეს თბილისში, მადლობა გადაუხადეს მას სიმტკიცისა და გამბედაობისთვის და საჩუქრების კალათა და მისი საყვარელი ყვავილების თაიგული გადასცეს. ალას თქმით, ვიზიტი მოულოდნელი იყო.
შეხვედრის მონაწილეებმა მის მშობლიურ სანქტ-პეტერბურგში მოგზაურობის შთაბეჭდილებები გაუზიარეს.
„ულამაზესი ქალაქია. დაუვიწყარი შთაბეჭდილება დაგვრჩა. მოვინახულეთ პეტერგოფი და გავისეირნეთ მის ულამაზეს ქუჩებში. ეს ქალაქი სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში. და ძალიან მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს და პატივი მივაგოთ ისტორიას და ჩვენს გმირებს“, - თქვა ანასტასია კულიევამ.
ალა ბელანი
სკოლის მოსწავლემ, თბილისელმა ელიზამ აღნიშნა, რომ ჯგუფმა ნახა „ალისფერი იალქნების“ აღლუმი და ხიდების გაშლა, და, რაც მთავარია, „მეხსიერების მატარებლის“ ფარგლებში 15 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის სტუდენტები გაიცნო.
„მეორე მსოფლიო ომის ისტორიის შესახებ ბევრი რამ გავიგეთ. სამხედრო დიდების ადგილები მოვინახულეთ. მაგალითად, ხატინმა ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა“, - თქვა მან.
ალა ბალანმა ახალგაზრდებს ომის ხსოვნისადმი ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა და თაობათაშორისი უწყვეტობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„გმადლობთ, რომ გამიხსენეთ, მესტუმრეთ და პატივს სცემთ ისტორიას. ეს ძალიან სასიამოვნო იყო, ეს ხომ ჩემი ქალაქია. ყოფილ საბჭოთა კავშირში ბევრი ასეთი ადგილია, რომელმაც ომის საშინელება გადაიტანა. ეს უნდა გვახსოვდეს, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენი ქვეყნის ისტორია“, - თქვა ვეტერანმა.
შეხვედრის დროს ალა ნიკოლაევნამ სტუმრებს ბლოკადისდროინდელი ბავშვობის მოგონებები გაუზიარა. მისი თქმით, ომი რომ დაიწყო, ის თითქმის 10 წლის იყო: ის უფროსებთან ერთად ლენინგრადის შემოგარენში სანგრების სათხრელად დადიოდა. ქალაქი საჰაერო თავდასხმების მუდმივი საფრთხის ქვეშ ცხოვრობდა, ხალხი კი თავისი სიცოცხლის ფასად საზღვრების დაცვას ცდილობდა.
შეხვედრის მონაწილეებს აჩვენეს Sputnik-საქართველოს კლიპი, სადაც ალა ბალანი ამბობს, რომ მშობლიური ქალაქის ნახვაზე ოცნებობს.
„ვიმედოვნებ, რომ სანქტ-პეტერბურგის მერია 2026 წელს ლენინგრადის ბლოკადისგან განთავისუფლების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე მიმიწვევს და რომ 27 იანვარს ჩემს ქალაქში ვიქნები“, - თქვა მან.
ვეტერანმა ასევე აღნიშნა, რომ სურს თავისი მედლები ბლოკადის მუზეუმს გადასცეს.
ბოლოს ალა ბელანმა მკითხველს ახალი წელი მიულოცა და ყველას ჯანმრთელობა და მშვიდობა უსურვა.