თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. საქართველოში 2026 წლის 1-ელი იანვრიდან აიკრძალა ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ჭურჭლის წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.
1 იანვრიდან აიკრძალა ექვსი დასახელების პროდუქციის წარმოება, ბაზარზე განთავსება და იმპორტი. საუბარია პლასტიკის დანებზე, ჩანგლებზე, კოვზებზე, თეფშებზე, ე.წ. „საწრუპზე" და პლასტიკის ჩხირებზე.
აკრძალვა გავრცელდა არა მარტო მწარმოებლებსა და იმპორტიორებზე, არამედ კვების ობიექტებზეც, რომლებიც მომხმარებლებს მზა საკვებს ერთჯერადი კონტეინერებითა და ჭიქებით აწვდიან.
ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის საგნების ჭარბი მოხმარება დღევანდელობის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური გარემოსდაცვითი პრობლემაა და ამ მხრივ, საქართველო გამონაკლისი არ არის.
საქართველოში ჩატარებული კვლევის თანახმად, ქვეყანა ყოველწლიურად დაახლოებით 612,5 მლნ ერთეულ ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ჭიქას, თავსახურს, საკვების კონტეინერს, დანას, ჩანგალს, კოვზს, ე.წ. „საწრუპს“, თეფშს მოიხმარს, რაც ჯამურად 3,9 - 5,9 ათას ტონა პლასტიკს შეადგენს.
პლასტიკთან ბრძოლა საქართველოში 2019 წელს დაიწყო. საქართველომ 2019 წლის აპრილიდან აკრძალა ნებისმიერი სიმკვრივის ერთჯერადი პლასტმასის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია, გარდა ბიოდეგრადირებადი პარკებისა.