თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. თბილისში, ვაკის კორტებთან ახალი წლის ღამეს მომხდარი მკვლელობის საქმეზე პოლიციამ 57 წლის მამაკაცი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მამაკაცი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით არის დაკავებული. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ზურაბ ავალიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულმა, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 50 წლის პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში სამეგრელოს რეგიონში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ასევე ამოიღო ნარკოტიკული საშუალება „მეთადონის" შემცველი 25 აბი.
ტელეკომპანია "ტვ პირველის" ინფორმაციით, დაკავებილი მალხაზ ბაგათელიაა. მოკლულიც და მკვლელობაში ბრალდებულიც ბიზნესპარტნიორები იყვნენ, რომელთაც კონფლიქტი ფულის გამო მოუვიდათ. საქმის გარჩევა ჯერ თბილისის ზღვაზე დაიწყო, მეორე, საბედისწერო დღეს კი ბაგათელიამ თავისი ბიზნესპარტნიორი ვაკეში დაიბარა, სადაც რამდენიმე გასროლით დაცხრილა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 236-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს.