თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკა 2025 წელს 7,3%-ით გაიზრდება, ნათქვამია ანალიტიკური კომპანია TBC Capital-ის ანგარიშში.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2025 წლის ოქტომბერში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6% შეადგინა, ხოლო მშპ-ის საშუალო ზრდის ტემპმა 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში 7,6% შეადგინა.
„სავარაუდოდ, ნოემბრის ეკონომიკური ზრდა ოქტომბერთან (6%) შედარებით მცირედით მაღალი იქნება, თუმცა მოსალოდნელია, რომ წლიური ზრდა ნორმალიზებას განაგრძობს და 2025 წელს ჯამურად 7,3%-ს მიაღწევს", -ნათქვამია ანგარიშში.
ანალიტიკოსებს „საქსტატის" მიერ განახლებული მესამე კვარტლის ეკონომიკური ზრდის მონაცემებს მოჰყავთ. მათი თქმით, მიმდინარე წლის ივლის- სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 6,4%-ით გაიზარდა.
„მესამე კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 6,4% შეადგინა, რაც წინასწარ 6,5%-იან მაჩვენებელზე მცირედით ნაკლებია. ამავდროულად, ზრდის შენელება გარკვეულწილად გასული წლის საბაზო ეფექტს უკავშირდება, რადგან, ჩვენი შეფასებით, სეზონურად შესწორებული რეალური მშპ წინა კვარტალთან შედარებით აჩქარდა", - ნათქვამია ანგარიშში.
TBC Capital-ის პროგნოზის თანახმად, ნომინალური მშპ 2025 წელს 104 მლრდ ლარს გადააჭარბებს.
TBC Capital-ის პროგნოზით, 2026 წელს ეკონომიკური ზრდა გრძელვადიან ტენდენციას დაუახლოვდება და 4,5%-ს მიაღწევს.
საქართველოს მთავრობა 2025 წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის 7,3%-იან ნიშნულს ელის.