თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. 2026 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოში შემოსულ ტურისტებს მოეთხოვებათ თან იქონიონ ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევების სავალდებულო დაზღვევა.
მთავრობის დადგენილების თანახმად, დაზღვევა სავალდებულო არ იქნება მხოლოდ დიპლომატიური ან სპეციალური ვიზის მქონე პირებისთვის, რომლებიც ქვეყანაში შემოდიან დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტით, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, ასევე საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე ქვეყანაში შემოსული პირებისთვის.
პირობების თანახმად, საქართველოში შემოსვლისას ტურისტი ვალდებულია იქონიოს ქართული ან უცხოური სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული დაზღვევის პოლისი, რომელიც გათვლილი იქნება მისი ქვეყანაში ყოფნის მთელ პერიოდზე.
სადაზღვევო თანხა სავალდებულოა შეადგენდეს არანაკლებ 30 ათას ლარს და იგი უნდა ითვალისწინებდეს ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის დაზღვევას.
სადაზღვევო პოლისი მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, ქართულ ან ინგლისურ ენაზე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: დაზღვევის მხარეები, დაფარვის არეალი, დაზღვევის საგანი, პოლისის მოქმედების ვადა, სადაზღვევო რისკები, ლიმიტები, სადაზღვევო პრემიების მოცულობა, გადახდის ადგილი და ვადა. სადაზღვეოვ პოლისის მოქმედების პერიოდი არ შეიძლება აღემატებოდეს ერთ წელს.