თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. 2025 წლის 11 თვის განმავლობაში საქართველომ ექსპორტზე 16,9 ათასი ტონა თხილი გაიტანა, რომლის ღირებულებამ 146 მლნ დოლარი შეადგინა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ანგარიშში.
თხილი საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქციაა, რომლის დაახლოებით 70%-ზე მეტი ევროკავშირის ქვეყნებში გადის.
უწყების ცნობით, ექსპორტის ღირებულება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 62%-ით გაიზარდა. ამ პერიოდში ერთი კგ თხილის საექსპორტო ფასმა 8,66 დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 44,3%-ით მეტია.
მთავარი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირია, სადაც თხილის ექსპორტის ყველაზე დიდი მოცულობა, 3,5 ათასი ტონა იტალიაზე მოდის. ევროკავშირის ბაზრებზე მნიშვნელოვან პარტნიორებად ასევე რჩებიან ესპანეთი (2 ათას ტონამდე), გერმანია (1,1 ათასი ტონა) და საფრანგეთი (1 ათას ტონაზე მეტი).
გარდა ამისა, იანვარ-ნოემბერში რუსეთში ექსპორტირებული იქნა 1,1 ათას ტონაზე მეტი ქართული თხილი, რომლის ღირებულებამ 6,8 მლნ დოლარი შეადგინა.
დარგის დახმარება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან თხილის მწარმოებელი ფერმერების დახმარების პროგრამას აღარ გაგრძელდება.
თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა როგორც მცირე, ისე მსხვილი ფერმერული მეურნეობების დახმარებას, საქართველოში 2022 წლის ნოემბერში ამოქმედდა.
პროგრამის ფარგლებში ყველა ფიზიკური პირი, რომლის მფლობელობაში ან სარგებლობაშია 0,2-დან 3 ჰექტარამდე ფართობის თხილის პლანტაციები, სახელმწიფოსგან 1 ჰექტარზე 500 ლარის ოდენობით სუბსიდირებას იღებდა. პროგრამის წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 20 მილიონი ლარი იყო.
ფინანსური დახმარების მისაღებად, ფერმერებს პლანტაციები 2022 წლის 7 ნოემბრიდან 2023 წლის 31 იანვრამდე უნდა მოეხდინათ თხილის ბაღების რეგისტრაცია (მოგვიანებით ვადა 17 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდა).
ქართველმა ფერმერებმა 2024 წელს მაღალი ხარისხის თხილის წარმოებისთვის სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერით ისარგებლეს - პროგრამის ბიუჯეტი 20 მილიონ ლარს შეადგენდა.
სახელმწიფო დახმარება დარგისთვის აუცილებელი გახდა, რადგანაც 2017 წელს აზიური ფაროსანას გავრცელების გამო თხილის წარმოების მოცულობა, ხარისხი და ექსპორტი შემცირდა. მავნებლების წინააღმდეგ მასშტაბურმა ზომებმა, რომლებიც დღემდე გრძელდება, შედეგი გამოიღო.