თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. მსოფლიო ბანკის რეიტინგში „ბიზნესისთვის მზაობა“ (Business Ready) საქართველო ლიდერია და მსოფლიოს 101 ქვეყანას შორის მე-4 პოზიციას იკავებს.
მსოფლიო ბანკის რეიტინგმა „ბიზნესისთვის მზაობა“ (B-READY) , რომელიც ბიზნესის კეთებისთვის საჭირო პირობებს აფასებს, Doing Business-ის ყოველწლიური ანგარიში ჩაანაცვლა, რომელიც 2021 წლის სექტემბერში დარღვევებთან დაკაშვირებული ინფორმაციის გამო გაუქმდა.
მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, საქართველო მე-4 პოზიციას კორეასთან, სინგაპურთან და ესტონეთთან ერთად იკავებს.
ამასთან, საქართველო ოპერაციული ეფექტურობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა, თუმცა ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზისა და სახელმწიფო მომსახურების შეფასებებში მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნებს.
რას ნიშნავს ეს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძის აზრით, საქართველომ ღირსეული შეფასება მიიღო.
„ასეთი მაღალი შეფასება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში ბიზნეს და საინვესტიციო გარემო გლობალური მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესოა", - განაცხადა ცინცაძემ.
მისი თქმით, საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ლატვია, დიდი ბრიტანეთი, ჩეხეთი, ხორვატია, ესპანეთი, კანადა, ამერიკის შეერთებული შტატები და ა.შ.
როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ განმარტა, აღნიშნული რეიტინგის მიზანია, შეაფასოს ქვეყანაში ბიზნესგარემოს ეფექტიანობა, ასევე ის, თუ რამდენადაა ორიენტირებული ბიზნეს და მარეგულირებელი გარემო ქვეყანაში ბიზნესის განვითარებასა და მხარდაჭერაზე.
„საქართველოს მთავარი ამოცანაა, რომ გააგრძელოს ბიზნესგარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესება იმ ახალი ინიციატივებით, რომელთაც მთავრობა ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს“, - განაცხადა ცინცაძემ.
Business Ready (B-READY) რეიტინგი ქვეყანაში ბიზნესის კეთების სიმარტივეს სამი პარამეტრის მიხედვით აფასებს: ნორმატიული ბაზა, სახელმწიფო სერვისები და მუშაობის ეფექტურობა, რომელიც 10 მაჩვენებლისგან არის ჩამოყალიბებული. თითოეული კატეგორია ფასდება 0-დან 100-მდე შკალით.