მდინარე მტკვრიდან საბურავებისგან დამზადებული 40 თევზმახე ამოიღეს

უმეტეს შემთხვევებში ბრაკონიერები თევზჭერისთვის იყენებდნენ ისეთ უკანონო საშუალებებს, როგორიცაა ელექტროშოკური აპარატი, სახლართი ტიპის ბადე და სხვ.
Sputnik
თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში შიდა ქართლში პრევენციული ღონისძიებები გაატარეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელსა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ თაგვეთის მიმდებარედ, მდინარე მტკვრიდან საბურავებისგან დამზადებული 40 ერთეული თევზმახე ე.წ. ოჩხი ამოიღეს. თევზმახეებში დაახლოებით 150 კგ სხვადასხვა სახეობის თევზი იყო გაბმული.
სამმართველოს თანამშრომლებმა თევზი მდინარეში დააბრუნეს.
დეპარტამენტის ცნობით, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტული მიმართულებაა. პრევენციული ღონისძიებები ტარდება განსაკუთრებით ისეთ ლოკაციებზე, სადაც ბრაკონიერობის ფაქტები ბოლო წლებში შედარებით ხშირია.
საქართველოში აკრძალულია ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით უკანონო თევზჭერა. ეს ბრაკონიერობად მიიჩნევა.
ბრაკონიერები უმეტეს შემთხვევაში იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ტიპის ბადე, ელექტროშოკური აპარატი და სხვ.